ბატუმის გმირობა და დრამატული დასასრული - საფრანგეთი ტოკიო 2020-ის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დასასრულს უახლოვდება. დღეს, 5 აგვისტოს კალათბურთის ნახევარფინალური ეტაპი გაიმართა, სადაც ფინალისტების ვინაობა გაირკვა. პირველ მატჩში აშშ-მა ავსტრალია დამაჯერებელი ანგარიშით 97:78 დაამარცხა. 

მეორე შეხვედრაში საფრანგეთი სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდა და გულშემატკივრებმა დაძაბული, სანახაობრივი და არაერთი საინტერესო მომენტით სავსე მატჩი იხილეს.

პირველი მეოთხედი სლოვენიელებმა კარგად დაიწყეს და ორქულიანი უპირატესობით წინ გავიდნენ, დონჩიჩი თავიდანვე კარგად გამოიყურებოდა და საწყის პერიოდში 10 ქულა დააგროვა. შეხვედრის მეორე მეოთხედში თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა და სლოვენია დიდ შესვენებაზე მცირე უპირატესობით გავიდა.

მესამე მეოთხედში საფრანგეთი უნაკლოდ გამოიყურებოდა და მეტოქეს 8 ქულით აჯობა. როგორც ოლიმპიადის ნახევარფინალს შეეფერება, ყველაფერი ბოლო პერიოდში უნდა გარკვეულიყო. სლოვენიამ სხვაობა შეამცირა და როცა ბოლო წამებზე ანგარიში 90:89 იყო, სეკულიჩის გუნდს პრეპელიჩის ორქულიანი მოსაგებად და ფინალში გასასვლელად ჰყოფნიდა, მაგრამ ნიკოლა ბატუმმა ეფექტური დაფარებით თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

მატჩში ყველაზე შედეგიანი ნანდო დე კოლო იყო, რომელმაც 25 ქულა დააგროვა. 23 ქულა ჰქონდა ევან ფურნიეს. ფრანგებიდან გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა რუდი გობერს, რომელმაც გარდა იმისა, რომ 9 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა, დაცვაშიც შესანიშნავად გამოიყურებოდა და ფარქვეშ დომინირებდა. ლუკა დონჩიჩს, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგი შეხვედრა გქონდა, ახალგაზრდა მოთამაშემ 16 ქულით, 10 მოხსნითა და 18 პასით სამმაგი დუბლი გაიფორმა.

ლუკა დონჩიჩისა და სლოვენიის ნაკრების წაუგებელი სერია შეწყდა. საფრანგეთი კი ფინალში აშშ-ს შეხვდება, რომელიც ამ ოლიმპიადის ჯგუფურ ეტაპზე ერთხელ უკვე დაამარცხა.