ბათუმის „დინამომ“ ბულგარეთის ნაკრების მცველი, ივან ტურიცოვი წარადგინა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ბულგარეთის ნაკრების მცველი, ივან ტურიცოვი წარადგინა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ივან ტურიცოვი წარადგინა.

ტურიცოვმა სამედიცინო შემოწმება სტამბოლის კლინიკაში გაიარა, რის შემდეგაც „დინამოსთან“ ხელშეკრულება 2029 წლის ბოლომდე გააფორმა, ამის შემდეგ კი პირველი კომენტარი გააკეთა:

„კონტრაქტი ახლახან გავაფორმე და ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მოტივირებული ვარ. მინდა, ეს ახალი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო და მოუთმენლად ველი, თამაშს როდის დავიწყებ“, – ამბობს ივან ტურიცოვი.

ბულგარელი ფეხბურთელის ტრანსფერი ასევე შეაფასა ბათუმის „დინამოს“ საფეხბურთო სტრატეგიის ხელმძღვანელმა, ზურაბ თიგიშვილმა:

„ივანზე აქცენტი იმიტომ გავაკეთეთ, რომ ის თავისი საკლუბო და სანაკრებო გამოცდილებით ჩვენი გეგმების განხორციელებაში ძალიან დაგვეხმარება. სოფიის ცსკა-ს შემადგენლობაში მას საკმაოდ ბევრი მატჩი აქვს ჩატარებული, გუნდის კაპიტანი გახლდათ და, ამ ყველაფერთან ერთად, ბულგარეთის ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც გააჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ „დინამოს“ ზამთარში სატრანსფერო შეზღუდვა ჰქონდა, ეს პერიოდი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს კარგად გვემუშავა. რამდენიმე თვეა, ახალი ფეხბურთელების დამატებაზე ვმუშაობთ და ეს პერიოდი დაგვეხმარა, ესა თუ ის მოთამაშე უფრო დეტალურად შეგვესწავლა.

იყო ბევრი საუბარი როგორც ფეხბურთელთან, ისე მის წარმომადგენლებთან. საბოლოოდ კი ისე შევთანხმდით, რომ ტრანსფერი წარმატებით დასრულდა და ვფიქრობ, მისი გამოცდილება ბათუმის „დინამოს“ ძალიან გააძლიერებს“, – ამბობს ბათუმელთა საფეხბურთო სტრატეგიის ხელმძღვანელი.

ივან ტურიცოვმა კარიერის ძირითადი ნაწილი სოფიის ცსკა-ში გაატარა, სადაც გუნდის კაპიტანი იყო. ბულგარულ კლუბში მან 222 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ცსკა-ს გარდა, ტურიცოვი მცირე ხნით ბულგარული „ლიტექსის“ ღირსებასაც იცავდა.

ფეხბურთელი წარმატებით ასპარეზობს სანაკრებო დონეზეც. მას ნათამაშები აქვს როგორც ბულგარეთის 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში, ისე ეროვნულ გუნდში, რომლის მოქმედი წევრიც გახლავთ და მის რიგებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული. მათ შორის, ორი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 2022 წლის ერთა ლიგის გათამაშებაში.

სამედიცინო შემოწმებისა და „დინამოსთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ივან ტურიცოვი ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას – პირველ ივნისს მონტენეგროსა და 5 ივნისს მოლდოვის წინააღმდეგ. ტურიცოვი „დინამოს“ სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 16 ივნისს შეუერთდება. 22 ივნისს კი, მას შემდეგ, რაც საქართველოში სატრანსფერო „ფანჯარა“ ოფიციალურად გაიხსნება, კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად დაარეგისტრირებს და მას თამაშის უფლება მიეცემა.