ბათუმის „დინამომ“ ბულგარეთის ნაკრების მცველი ივან ტურიცოვი დაიმატა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ სოფიის ცსკა-ს კაპიტანი და ბულგარეთის ნაკრების მარჯვენა მცველი, 26 წლის ივან ტურიცოვი დაიმატა – ინფორმაციას Geo Team-ი და ბულგარული გამოცემა Blitz-ი ავრცელებენ.
„ბულგარეთის ნაკრების მარჯვენა მცველი ივან ტურიცოვი ბათუმის „დინამოში“ გადადის, სადაც საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა. ტურიცოვს ცსკა-სთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ქართულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა“, – წერს გამოცემა Blitz-ი.
Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბულგარელმა მცველმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ბათუმის „დინამოსთან“ 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტურიცოვი ცსკა-ს აღზრდილია და კარიერის გნმავლობაში ამ გუნდში გამოდიოდა, ბულგარეთის ნაკრებში კი 22 მატჩი ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ, ფიფა-ს გადაწყვეტილებით, ბათუმის „დინამოს“ სატრნსფერო აკრძალვა ჰქონდა, რომელიც პირველი ივნისიდან გაუქმდება და, შესაბამისად, ივან ტურიცოვი კლუბის პირველი ახალწვეული იქნება.