ბათუმი 2019 – 14 წლის ნათია გადელიამ  ექვსივე ცდა გამოიყენა [ფოტო]
ბათუმი 2019 – 14 წლის ნათია გადელიამ  ექვსივე ცდა გამოიყენა [ფოტო]

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მეექვსე დღეს, ბათუმში ორი ქართველი ძალოსანი ასპარეზობს.

თავისი გამოსვლა უკვე დაასრულა 14 წლის ნათია გადელიამ, რომელიც ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა. 76 კილოგრამი წონითი კატეგორიის „ბ“ ჯგუფში სადაც შვიდი სპორტსმენი  იყო, ნათიამ ექვსიდან ექვსივე ცდა გამოიყენა. პირველ დისციპლინაში მან 57; 61 და 64 კილოგრამი აიტაცა. რაც შეეხება აკვრას, აქ გადელიამ 77 კილოგრამით წარმატებით დაიწყო. ასევე წარმატებული გამოდგა მეორე და მესამე მცდელობებიც, რომლებშიც ნათიამ შესაბამისად 83 და 85 კილოგრამი აკრა. ორჭიდის ჯამში დაგროვებული 149 კილოგრამით გადელიამ ჯგუფი მეექვსე ადგილზე დაასრულა.

„ბ“ ჯგუფის საუკეთესო შედეგი საბოლოოდ მოლდოველმა ელენა ჩილჩიკმა დააფიქსირა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 211 კილოგრამი დააგროვა.

18:00-იდან გულშემატკივარი საქართველოს პირველ არხზე, ევროპის მოქმედი ჩემპიონისა და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორის – რევაზ დავითაძის ასპარეზობის ნახვას შეძლებს. უკვე საკმაოდ ტიტულოვანი დავითაძე 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და წონის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროპირველობაზე უკვე სამი მედალი აქვს. აკვრაში ოქრო შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო, აკვრაში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო კი გოგა ჩხეიძემ (67 კგ.) დაისაკუთრა.