ბასილაშვილმა თითქმის სამსაათიან ბრძოლაში დათმო ტორონტოს „მასტერსის“ მერვედფინალი #1TVSPORT
ბასილაშვილმა თითქმის სამსაათიან ბრძოლაში დათმო ტორონტოს „მასტერსის“ მერვედფინალი #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორი საათი და 42 წუთი ბრძოლის შემდეგ წააგო ტორონტოს „მასტერსის“ მერვედფინალი და ტურნირს გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი სამ სეტში დამარცხდა მსოფლიოს მე-13 ჩოგანთან, პოლონელ ჰუბერტ ჰურკაშთან – 7:6(7), 4:6, 4:6.

სამივე სეტის დასაწყისში ჰურკაში ახერხებდა ბრეიკით დაწინაურებას. პირველ სეტში ბასილაშვილმა მეშვიდე გეიმში შეძლო უკუბრეიკის შესრულება. სანამ ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკამდე მივიდოდნენ, ბასილაშვილმა ერთი დაფარული სეტბოლი ვერ გამოიყენა, ჰურკაშმა – ორი სეტბოლი. ასევე დაძაბული გამოვიდა ტაი-ბრეიკი, რომელშიც ქართველი 6:4-ს იგებდა და ორი სეტბოლი ჰქინდა, მაგრამ ჰურკაშმა ზედიზედ სამი ქულის აღებით თავად მოიპოვა სეტპოინტი. თუმცა, 6:7-ზე უკვე ბასილაშვილმა შეძლო ზედიზედ სამი ქულის აღება და სეტებში დაწინაურება.

მეორე სეტი ჰურკაშის ბრეიკით დაიწყო, ბასილაშვილს კი ამ პარტიაში ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. მესამე სეტშიც სტარტზე პოლონელმა აიღო მეტოქის მოწოდება. ნიკას სეტის ბოლოს მიეცა უკუბრეიკის შანსი: ჯერ მერვე გეიმში, შემდეგ კი მეათეში, როცა ჰურკაში მატჩზე აწვდიდა. ამ გეიმში ქართველმა სამმაგი ბრეიკპოინტი მოიპოვა, მაგრამ გადამწყვეტი ქულა ვერ აიღო და ჰურკაშმა მეორე მატჩბოლით შეძლო მეოთხედფინალის საგზურის მოპოვება.

ბასილაშვილმა 11 ეისი ჩააწოდა, მაგრამ რვა ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველი მოწოდების სიზუსტე მხოლოდ 39 პროცენტი ჰქონდა, შვიდი ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და ერთი გამოიყენა. ჰურკაშმა 22 ეისი დააგროვა და რვიდან სამი ბრეიკპოინტი გამოიყენა.

დატოვე კომენტარი