ბასილაშვილმა აშშ-ის ღიას პირველი ბარიერი გაიარა
ბასილაშვილმა აშშ-ის ღიას პირველი ბარიერი გაიარა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა „დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირი, ამერიკის ღია პირველობა, მოგებით დაიწყო. სლოვენიელი ალიაჟ ბედენეს ბარიერი მან ურთულეს ბრძოლაში გაიარა

პირველი სეტი ბედენეს ბრეიკით დაიწყო, მაგრამ ბასილაშვილმა 1:2-დან ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო, მათ შორის სამი ბრეიკი იყო. მეორე სეტში ბრეიკპოინტები მხოლოდ სლოვენიელს ჰქონდა – მან ხუთიდან ერთი შანსი გამოიყენა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე პარტიაში უკვე ბედენე იყო ბრეიკპოინტის გარეშე. ბასილაშვილმა მეორე და მერვე გეიმებში ორჯერ შეასრულა ბრეიკი და სეტი დამაჯერებლად მოიგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეხუთე სეტის თამაში თავიდან მაინც ვერ აიცილა, რადგან მეტოქის ორ ბრეიკს ვერ უპასუხა და მეოთხე სეტში დამარცხდა.

მეხუთე პარტიაში ბასილაშვილი წაგების პირას დადგა, როცა მესამე გეიმში საკუთარი მოწოდება დათმო. თუმცა, ნიკამ იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და თანაფარდობა აღადგინა. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები კარგა ხანს დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ გეიმებს. ყველაფერი მეათე გეიმში გაირკვა, რომელშიც ბასილაშვილმა მატჩში მე-17 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და მეშვიდე ბრეიკი შეასრულა, რისი წყალობითაც სამ საათსა და 19 წუთში მოიგო – 6:2, 4:6, 6:2, 2:6, 6:4.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა კარიერაში პირველად გადალახა აშშ-ის ღიას პირველი რაუნდი. მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი ჯეკ სოკი იქნება, რომელიც ტურნირზე მე-18 ნომრად არის განთესილი.