„ბარსელონას“ ანსუ ფატის ფიზიკური მდგომარეობა აშინებს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ანსუ ფატის ფიზიკური მდგომარეობა აშინებს #1TVSPORT

„ბარსელონაში“ მეტად შეშფოთებულნი არიან ფორვარდ ანსუ ფატის ფიზიკური მდგომარეობით.

თავდაპირველად, ამის შესახებ ჟურნალისტმა აშრაფ აიადმა თავის „ტვიტერში“ დაწერა: „ის ჯერაც არ არის მზად უმაღლეს დონეზე კონკურენციისთვის და შორსაა სრული მზადყოფნისგან. „ბარსელონას“ მიაჩნია, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა მას ოპერაცია არ დააძალა“.

გამოცემა Diario Sport ადასტურებს ამ ფაქტს და წერს, რომ ფეხბურთელმა რამდენიმე ტესტი გაიარა, რითაც შემოწმდა მისი ფიზიკური პარამეტრები ექსტრემალური დატვირთვებისას. ტესტებმა აჩვენეს, რომ ფატის არ მიუღწევია იმ პარამეტრებამდე, რომელიც საჭიროა მაღალ დონეზე თამაშისთვის. მისი დღევანდელი მონაცემები შეადარეს იმ მონაცემებს, რომელიც ფატის მრავალრიცხოვან ტრავმებამდე ჰქონდა. მან დაკარგა ამტანობა, სპრინტის უნარი, სისწრაფე და სიმძლავრე.

„ბარსელონაში“ შიშობენ, რომ ფატი სრულად ვეღარ აღიდგენს ფორმას.

ანსუ ფატიმ ოთხი ოპერაცია გადაიტანა და გადაწყვიტა აღარ წასულიყო მეხუთე ჯერზე, თუმცა „ბარსელონას“ სამედიცინო შტაბი ურჩევდა ამას. 19 წლის ფეხბურთელმა კონსერვატიული მკურნალობა ამჯობინა და დღეს ეს მეთოდი არ იძლევა იმ შედეგს, რისი მოლოდინიც ჰქონდათ.

ფატი იყო ესპანეთის ნაკრებში ერთა თასის მატჩებზე, მაგრამ ერთი წუთიც არ უთამაშია. ამის შემდეგ მას ერთთვიანი დასვენება მისცეს, რომლის დროსაც ის გააგრძელებს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის აღდგენაზე მუშაობას.

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს ჩავის კვლავაც აქვს ფატის იმედი. ის დარწმუნებულია, რომ კარგი წინასასეზონი მომზადება ფეხბურთელს ძველ დონეზე დააბრუნებს.

გასულ სეზონში ფატიმ 14 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.