sport.es - „ბარსელონა“ გიორგი ჩაკვეტაძეს აკვირდება
sport.es - „ბარსელონა“ გიორგი ჩაკვეტაძეს აკვირდება

ესპანური sport.es – ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრისთვის უკვე ცნობილია. 1tv.ge კატალონიური გამოცემის სრულ ვერსიას გთავაზობთ.

„19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ახალი სენსაციაა. ხვალ ის მეექვსე შეხვედრას გამართავს თავისი ქვეყნის ძირითად ნაკრებთან, რომლის შემადგენლობაში უკვე სამი გოლი გაიტანა. ბარსელონას სკაუტების გუნდმა უკვე ითხოვა აკრედიტაცია, რათა დაესწროს მატჩს საქართველოსა და ანდორას შორის და ადგილზე შეაფასოს ახალგაზრდა ქართველი, რომელსაც „ასულგრანა“ (ბარსელონას ზედმეტსახელი) უკვე ერთი წელია, რაც აკვირდება.

ჩაკვეტაძე 1999 წელს დაიბადა და ბელგიაში გასულ წელს გადავიდა „დინამო თბილისიდან“, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 17 წლის იყო, უმაღლეს ლიგაში 5 გოლი გაიტანა.

„გენტში“ გატარებულ პირველ სეზონში მას ადაპტაცია დასჭირდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა მიმდინარე სეზონში ის გუნდისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. ის უკვე 15 მატჩში გამოვიდა სასტარტოში და მხოლოდ ორჯერ შეცვალეს მატჩის მიმდინარეობისას. ამ მატჩებში მან 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

გიორგი ჩაკვეტაძე გამოკვეთილად თავდასხმითი ხასიათის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია როგორც წინა ხაზზე, ასევე ნახევარდაცვაში ან თავდამსხმელების უკან თამაში. კარგი დრიბლინგის წყალობით, მას შეუძლია ფლანგიდან დაიწყოს შეტევა და მაღალი სიჩქარით გამოიყენოს თავისუფალი ზონები.

მას ასევე აქვს ძლიერი დარტყმა საშუალო დისტანციიდან, რაც მცველებისთვის სირთულეს ქმნის. მისი მთავარი უნარი ის არის, რომ შეუძლია მიიღოს მოულოდნელი გადაწყვეტილებები.

თუ ჩაკვეტაძე „ბარსაში“ გადმოვიდა, მას შეუძლია დაიკავოს ის ადგილი, რომელიც გიორგი ჭანტურიას ეკავა, როდესაც ახალგაზრდულ ლიგაში თამაშობდა და რომლის მწვრთნელი სერხი ბარხუანი იყო”, – ნათქვამია გამოცემაში.