ბაქოში სამედიცინო ნიღბების უკანონო გაყიდვისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს და მილიონზე მეტი ნიღაბი ამოიღეს
ბაქოში სამედიცინო ნიღბების უკანონო გაყიდვისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს და მილიონზე მეტი ნიღაბი ამოიღეს

ბაქოში სამართალდამცველებმა სამედიცინო ნიღბების უკანონო გაყიდვისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს და ერთ მილიონზე მეტი ნიღაბი ამოიღეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ქვეყნის შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ, ქვეყანაში კორონავირუსის გამო სამედიცინო ნიღბებზე მზარდი მოთხოვნით ესარგებლათ და რეალურ ღირებულებაზე მაღალ ფასად გაეყიდათ, ასევე კონტრაბანდული გზით საზღვარგარეთ გაეტანათ სამედიცინო ნიღბები.

უწყების ცნობით, დაკავებულია გამოვლენილი ჯგუფების ყველა წევრი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, კერძოდ, ჩინეთისა და ირანის. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია მილიონ 50 ათასი სამედიცინო ნიღაბი.

მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყველა პირი, ვინც ქვეყანაში დამცავი ნიღბების ხელოვნური დეფიციტის შექმნას ხელს შეუწყობს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

აზერბაიჯანში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი.