„ბაიერნმა" ახალი სეზონი 8:0-ით დაიწყო
„ბაიერნმა" ახალი სეზონი 8:0-ით დაიწყო

გერმანიის ბუნდესლიგის ახალი გათამაშება, ტრადიციულად, ჩემპიონის მატჩით გაიხსნა – „ბაიერნი” შინ იღებდა „შალკეს”, რომელთანაც 23-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

მასპინძლებს მცირე პრობლემები ჰქონდათ შემადგენლობის დაკომპლექტების მხრივ – ტიაგო ალკანტარა „ლივერპულში” წავიდა, წასასვლელად მზად არის დავიდ ალაბა, ტრავმა ჰქონდა კინგსლი კომანს, ძირითადში არ იყო შარშანდელი სეზონის აღმოჩენა ალფონსო დევისი. სამაგიეროდ, მიუნხენელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა ლეროი სანეს, რომელიც 45 მილიონ ევროდ გადავიდა „მანჩესტერ სიტიდან”. ცნობისთვის, სანე, გორეტცკა და ნოიერი „შალკეს” აღზრდილები არიან.

პირველივე წუთებიდან „ბაიერნმა” უდიდესი უპირატესობა მოიპოვა – პირველი ტაიმის მიწურულს მიუნხენელები 3:0-ს იგებდნენ. მეორე ტაიმში „შალკე” ხან ღრმა დაცვაში დგებოდა და ხან კონტრშეტევებზე მიდიოდა და თავისუფალ სივრცეებს ხსნიდა. სანემ ახალ გუნდში გამოსვლა გნაბრიზე ორი შედეგიანი პასით და გოლით დაიწყო.

ბოლო გოლის მატჩში 17 წლის ჯამალ მუსიალამ გაიტანა – ეს მისი პირველი გოლია პროფესიულ ფეხბურთში.

 

მატჩის ფაქტები

* თომას მიულერმა „ბაიერნის“ რიგებში მე-200 გოლი გაიტანა.

* გნაბრიმ ბუნდესლიგაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

* ლევანდოვსკიმ მეშვიდედ გაიტანა სეზონის გახსნის მატჩში, რითაც კლაუს ფიშერის რეკორდი გაიმეორა.

* ლევანდოვსკის ბუნდესლიგაში 163 გოლი დაუროვდა. „ბაიერნის“ ყველა დროის ბობარდირთა სიაში კარლ-ჰაინც რუმენიგეს გაუსწრო და მხოლოდ გერდ მიულერს (365) ჩამორჩება.

* ლევანდოვსკის “შალკეს“ წინააღმდეგ ჩატარებულ 20 მატჩში 20 გოლი აქვს.

* 17 წლის მუსიალა „ბაიერნის“ ისტორიაში გოლი ყველაზე ახალგაზრდა ავტორია.

* ბუნდესლიგის ახალი სეზონის გახსნის მატჩში არც ერთ გუნდს არ გაუტანია ექვსზე მეტი გოლი.

* „შალკე“ 24 ოფიციალური მატჩია ვერ უგებს „ბაიერნს“.

 

ბაიერნი-შალკე 8:0

გოლები: 1:0 გნაბრი (4), 2:0 გორეტცკა (19), 3:0 ლევანდოვსკი (31-პენ), 4:0 გნაბრი (47), 5:0 გნაბრი (59), 6:0 მიულერი (69), 7:0 სანე (71), 8:0 მუსიალა (81)

ბაიერნი: ნოიერი – პავარი, ზიულე, ბოატენგი (73. რიჩარდსი), ერნანდესი – კიმიხი, გორეტცკა (51. ტოლისო) – გნაბრი (73. მუსიალა), მიულერი (82. ზირკზეე), სანე (73. კუიზანსი) – ლევანდოვსკი.

შალკე: ფერმანი – რუდი, კაბაკი, სტამბული, ოშჩიპკა – სერდარი (30. შიოპფი), ბენტალები – უტი, ჰარითი (79. ბეკერი), მატონდო (65. რამანი) – პასიენსია (79. სკრჟიბსკი).