„ბაიერნი“ ფრანკფურტში დამარცხდა
„ბაიერნი“ ფრანკფურტში დამარცხდა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მესამე მატჩი წააგო. 22-ე ტურში გერმანიის ჩემპიონი სტუმრად თამაშობდა ამ მომენტში TOP5 ქვეყნების ლიგების გუნდებს შორის საუკეთესო ფორმაში მყოფ „აინტრახტთან“ და 1:2 დამარცხდა.

ფრანქფურტელებს 10-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ, რომლის დროსაც 30 შესაძლებლიდან 27 ქულა დააგროვეს. 2021 წელს ამ გუნდმა ცხრა მატჩში 25 ქულა აიღო.

„ბაიერნთან“ შეხვედრას „აინტრახტი“ თავისი საუკეთესო ბომბარდირის, ტრავმირებული ანდრე სილვას გარეშე შეხვდა. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა კამადასა და იუნესის გოლებით პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. „ბაიერნმა“ მეორე ტაიმის დასაწყისში ერთი საპასუხო გოლი გაიტანა – 22-ე ტურში თავისი 26-ე გოლი შეაგდო რობერტ ლევანდოვსკიმ, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია.

„აინტრახტმა“ ერთბურთიანი უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და გათამაშების ცხრილში ისევ მეოთხე ადგილზეა 42 ქულით. „ბაიერნი“ 49 ქულით ლიდერია. მასთან ორ ქულამდე შეუძლია სხვაობის შემცირება „ლაიპციგს“, თუ ის კვირას „ჰერტას“ დაამარცხებს.