ბადრი ჯაფარიძე - ყველა განცხადება, რომელსაც ვისმენთ ამერიკელი მეგობრებისგან, საქართველოს ინტერესებს ემსახურება
ბადრი ჯაფარიძე - ყველა განცხადება, რომელსაც ვისმენთ ამერიკელი მეგობრებისგან, საქართველოს ინტერესებს ემსახურება

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ერთი კვირაა დარჩენილი, რათა დაიწყოს პროცესი არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად.

„ერთი კვირა საკმარისია შეთანხმებისთვის. ეს არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ კეთილ ნებაზე, პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან. ოპოზიციის მიდგომა, რომელიც გულისხმობს მინიმუმ 125 მანდატის პროპორციული სისტემით და 25 მანდატის მაჟორიტარული სისტემით გაყოფას, იმის გარანტიას იძლევა, რომ პარლამენტში რეალურად მივიღებთ მოსახლეობის განწყობის ადეკვატურ ასახვას. იმ შემთხვევაში, თუ იქნება 110/40, რასაც ხელისუფლება ამბობს, აქ კიდევ დამატებითი ბარიერები უნდა იყოს შემოღებული. აქ მანიპულაციისთვის დამატებითი ხვრელები ჩნდება. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო, ხელისუფლების მიმართ ნდობა არ არსებობს და ნულის ტოლია.

ამიტომ, როდესაც ისინი ასეთ გაყოფას გვთავაზობენ, საკმაოდ დიდი რისკი ჩნდება, რომ მანიპულაციის საშუალებით მოხდეს მაჟორიტარული მანდატების დამატება და ამით მიღწევა 51 პროცენტის, რათა როგორმე მოახერხონ ხელისუფლების შენარჩუნება. გამოსავალი არის ის, რომ ხელისუფლებამ გადადგას კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ საბოლოოდ სამართლიანი სისტემა მივიღოთ. აქ არავის პრივილეგია არ სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ერთი რამ, გვქონდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოგვცემს პარლამენტს, სადაც ადეკვატურად იქნება ასახული საზოგადოების განწყობები და ყველა თანაბარ მდგომარეობაში ვიქნებით. მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხი პოლიტიკური დევნა და პოლიტპატიმრებია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა კონგრესმენ ადამ კინზინგერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები აკეთებენ ყველაფერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ქვეყნისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადადგას, რათა გამოვიდეს პოლიტიკური ჩიხიდან.

„ყველა ნაბიჯი და განცხადება, რომელსაც ვისმენთ ამერიკელი მეგობრებისგან, საქართველოს ინტერესებს ემსახურება. ჩვენს ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის აუცილებელი პირობა, რომ არჩწვნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში. სხვა შემთხვევაში, რა ფორმულაზეც უნდა მოხდეს შეთანხმება, თუკი პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური დევნა გრძელდება, სამართლიან არჩევნებზე ვერ ვისაუბრებთ და შედეგიც ლეგიტიმური არ იქნება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა კინზინგერის მიერ ნახსენები „მოულოდნელი ნაბიჯი“ ამერიკის მხრიდან კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესება იყოს, ჯაფარიძემ აღნიშნა: „ამასთან დაკავშირებით სპეკულაციებს არ დავიწყებ. მაგრამ თუკი გაგრძელდა აღვირახსნილი კამპანია და ოპონენტების პოლიტიკური დევნა, რასაც ვხედავდით ხელისუფლების მხრიდან, ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი პარტნიორებისგან ყველა საჭირო ნაბიჯის მომსწრე შეიძლება გავხდეთ. იმედია, რომ აქამდე არ მივალთ“.

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა „ამ​ერიკის ხმასთან“ კითხვაზე, თუ ვერ იხილავენ პროგრესს პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო, რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯი, განაცხადა: „ვფიქრობ, ის რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავწყვეტთ. მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნების გარანტია იქნა გაცემული. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ვგეგმავ საქართველოში დაბრუნებას. თუმცა, საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება საქართველოში, და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად“.