„ბაჩოს თასის“ გამარჯვებული სპორტსმენებისა და სპორტის ექიმებისგან დაკომპლექტებული გუნდი გახდა – საუკეთესო მოთამაშედ ტატო გრიგალაშვილი დასახელდა #1TVSPORT
სპორტსმენებისა და სპორტის ექიმებისგან დაკომპლექტებული გუნდი „ლუმინალი“ „ბაჩოს თასის“ გამარჯვებულია – ასე დასრულდა ჩვენი კოლეგის, გაზეთ „სარბიელის“ ჟურნალისტის, ბაჩო სვანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი, რომელსაც „იმედის“ მოედანმა უმასპინძლა.
მთავარი ჯილდოსთვის ხუთი გუნდი იბრძოდა, ფინალში „ლუმინალი“ გავიდა, სადაც თამაშობდნენ სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში ტატო გრიგალაშვილი, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი და ძალოსნობის ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული.
ისინი ფინალში „ევრონიუსს“ დაუპირისპირდნენ და 6:1 დაამარცხეს. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ტატო გრიგალაშვილს გადაეცა, საუკეთესო ბომბარდირი 11 გოლით ზურაბ კახაბრიშვილი გახდა, საუკეთესო მეკარე – გიორგი ფულარიანი, ხოლო საუკეთესო გოლის ავტორი – მიხეილ ჟორჟოლიანი.
ტურნირი გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, სპორტის სამინისტროსა და სპორტისა და ტურიზმის საერთაშორისო ფონდის თანადგომით გაიმართა.