ბაჩო დოლიძე - სააკაშვილს რჩევას ვერ მივცემ, მან უკეთესად იცის, რასაც აკეთებს, ჩვენი პარტიის ამომრჩეველი აენთო და მობილიზებული იქნება არჩევნებისთვის
ბაჩო დოლიძე - სააკაშვილს რჩევას ვერ მივცემ, მან უკეთესად იცის, რასაც აკეთებს, ჩვენი პარტიის ამომრჩეველი აენთო და მობილიზებული იქნება არჩევნებისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ 2 ოქტომბერს მნიშვნელოვანი საღამო იქნება.

„ყველამ ვნახეთ გუშინდელი ფოტო, ბილეთის ასლი. შესაბამისად, ველოდებით სააკაშვილის ჩამოსვლას 2 ოქტომბერს. უმნიშვნელოვანესი საღამო იქნება, ვფიქრობ ხმებსაც დაცვა დასჭირდება, უბნებსაც დაცვა დასჭირდება; შესაბამისად, მისი ჩართულობა ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, მისი თქმით, რადგანაც განცხადება გაკეთდა, სააკაშვილი ჩამოვა, რაც უფრო მეტ სტიმულს მისცემს მათი პარტიის ამომრჩეველს.

„გაათმაგებული მოტივაციით იქნება მაგ დღეს და მაქსიმალურად ბევრი ადამიანი მოვა არჩევნებზე, ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას დაკვირვებაში, რომ ეს არჩევნები იყოს ძალიან გამჭირვალე და მშვიდობიანი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა იქნება ძალიან მშვიდობიანი; იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვექნება სულ მალე დამოუკიდებელი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი პროკურატურა, დამოუკიდებელი შსს და ყველა ის უწყება, რომელიც დღეს არის კონკრეტულად ერთი ჯგუფის მმართველობაში. ამ ყველაფრის შემდეგ ყველაფერს გაეცემა პასუხი“, – განაცხადა დოლიძემ.

ბაჩო დოლიძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ აჯობებდა, სააკაშვილი უფრო ადრე ჩამოსულიყო.

„ეს არის ბატონი მიხეილის კონკრეტული და პირადი გადაწყევტილება. შესაბამისად, მე რჩევას ვერ მივცემ. მან უკეთესად იცის, რასაც აკეთებს. გუშინ ვადევნებდი თვალს არა მარტო სოციალურ მედიას; ის, რომ აენთო ჩვენი პარტიის ამომრჩეველი, ეგ უკვე ცხადია და შესაბამისად, მობილიზებული იქნება არჩევნებისთვის, დარწმუნებული ვარ. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს საარჩევნო უბნებს, ვიქნებით გადანაწილებული, რომ მერე რამე ექსცესს ადგილი არ ქონდეს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის საღამოსთვის აიღო ბილეთი კიევი-თბილისის რეისზე და ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.