ავთანდილ ასათიანი - სომხეთი გაძლიერდა, მაგრამ მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ
ავთანდილ ასათიანი - სომხეთი გაძლიერდა, მაგრამ მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები სომხეთთან ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის სრული დატვირთვით, მაგრამ არასრული შემადგენლობით ემზადება.

ცნობილი იყო, რომ საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო სიმი საიოტი ვერ დაეხმარებოდა. სამწუხაროდ, ბოლო მომენტში გაირკვა, რომ კიდევ ორი მოთამაშე დაშავდა შაგინია და გიორგი ჩიმაკაძე და სომხეთთან ვერც ისინი ითამაშებენ. 

თუმცა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი იმედოვნებს, რომ ამის გამო გუნდს პრობლემები არ შეექმნება.

„სამწუხაროდ, რამდენიმე მოთამაშე მართლაც ტრავმირებულია. თუმცა, ჩვენდა სასიკეთოდ, იმის პრობლემა აღარ გვაქვს, როგორც ადრე. ახლა უკვე შეგვიძლია, ისინი სხვებით ჩავანაცვლოთ“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.

მან სომხეთთან მატჩის მნიშვნელობაზე ილაპარაკა: „სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, სომხეთთან ეს ორი მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია. ფეხბურთელებს ისიც გათავისებული აქვთ, რომ მეტოქე ძლიერია. სომხეთმა რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი დაიმატა, რომელმაც ამ გუნდს ძალა შემატა, მაგრამ ჩვენ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ“.

5 მარტს საქართველო-სომხეთის შეხვედრა თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში უმაყურებლოდ გაიმართება – მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 18:15 საათიდან შემოგთავაზებთ.