ავთანდილ ასათიანი - მატჩის დღედ 9 აპრილი შეგნებულად შევარჩიეთ, გამარჯვებას ჩვენი გმირების ხსოვნას ვუძღვნით #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - მატჩის დღედ 9 აპრილი შეგნებულად შევარჩიეთ, გამარჯვებას ჩვენი გმირების ხსოვნას ვუძღვნით #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა საფრანგეთთან მოგებული  ევრო 2022-ის (3:2) მატჩი შეაფასა, რომელმაც, ფაქტობრივად, გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.

„ძალიან რთულ ჯგუფში დავიკავეთ მეორე ადგილი. წილისყრის შემდეგ ვინმეს რომ ეთქვა, ათ ქულას ავიღებდით და მეორე ადგილს დავიკავებდით, ამას ნატვრად ჩავთვლიდი. ძალიან კარგია, რომ ჩვენი ნატვრა რეალობად ვაქციეთ. ბოლო მატჩისთვის განსაკუთრებით ვემზადებოდით. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ბევრი ღამე გავათენეთ, რომ ფეხბურთელებისთვის ყველა ინფორმაცია მიგვეწოდებინა, თუ რას ვაპირებდით და რა სისტემით უნდა გვეთამაშა. მიხარია, ჩვენი შრომა ამ თამაშში გამოჩნდა“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.

ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, მატჩის თარიღად 9 აპრილი შეგნებულად შეარჩია:

„როდესაც ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მატჩის თარიღს ვარჩევდით, იყო რამდენიმე ვარიანტი 7-დან 10 აპრილამდე, მაგრამ მე 9 აპრილი ავირჩიე, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დღეა. ეს ყველა ქართველმა მოთამაშემ იცოდა, ბრაზილიელებსაც ავუხსენით და ამ დღემ დიდი სტიმული მოგვცა. ამიტომ, ეს გამარჯვება 9 აპრილის გმირებს მინდა მივუძღვნა“.

ასათიანის თქმით, მატჩის მოგებაში დიდი როლი გულშემატკივარმა ითამაშა:

„არ ვიცი, მატჩი როგორ დასრულდებოდა, დღეს გულშემატკივარი რომ არ ყოფილიყო. არ აქვს მნიშვნელობა, 30 პროცენტი იყო თუ რამდენი – განსაკუთრებით ბოლო წუთებში ვიგრძენით, ამ მატჩში მოგებაში ქართველმა გულშემატკივარმა რა როლი ითამაშა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც ამ საკითხის მოგვარებაზე იმუშავა და შედეგი სახეზეა – ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ“.