ავსტრალიის ღია, მეოთხე დღე – რაფაელ ნადალმა იოლი მოგებით მესამე წრეში გააღწია

16:45, 11.02.2021

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობაზე სამ სეტში მეორე გამარჯვებას მიაღწია. ესპანელმა ძალიან იოლად გაიარა ამერიკელი მაიკლ მოს ბარიერი, რომელიც მსოფლიოს 177-ე ნომერია. საათსა და 52 წუთში ნადალმა 6:1, 6:4, 6:2 მოიგო.

ესპანელმა ჩოგბურთელმა ერთი ბრეიკის შანსიც არ მისცა მეტოქეს, პირველ მოწოდებაზე მხოლოდ რვა ქულა წააგო, მეორეზე – შვიდი. ჰქონდა შვიდი ეისი, ოთხი ორმაგი შეცდომა, 40 „ვინერსი“, 24 უნებლიე შეცდომა, 11 ბრეიკ-პოინტი და ხუთი ბრეიკი.

ნადალის მეტოქე 1/16 ფინალში ბრიტანელი კემერონ ნორი იქნება.

მსგავსი