ავსტრალიის ღია 2020 - მეორე ნახევარფინალური წყვილი ჰალეპმა და მუგურუსამ შეადგინეს
ავსტრალიის ღია 2020 - მეორე ნახევარფინალური წყვილი ჰალეპმა და მუგურუსამ შეადგინეს

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი და ცნობილია ყველა ნახევარფინალისტი.

ბოლო ორმა მეოთხედფინალმა სენსაციების გარეშე ჩაიარა – რუმინელმა სიმონა ჰალეპმა და ესპანელმა გარბინე მუგურუსამ ორ-ორ სეტში მოიგეს თავიანთი მატჩები.

ჰალეპი ესტონელ ენ კონტავეიტს ხვდებოდა და მხოლოდ ორი გეიმი გაიმეტა მეტოქისთვის – 6:1, 6:1. მატჩი სულ რაღაც 54 წუთი გაგრძელდა. ბალტიისპირელმა მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ისიც ვერ გამოიყენა, რუმინელს კი ხუთი ბრეიკი ჰქონდა 11 შანსიდან.

კონტავეიტმა „მშრალი” ანგარიშით” მოიგო მატჩის პირველი გეიმი, მაგრამ შემდეგ, ჰალეპმა ზედიზედ 11(!) გეიმი აიღო და 6:1, 5:0 დაწინაურდა. რუმინელმა მატჩი 10 უნებლიე შეცდომით დაასრულა და ნახევარფინალში ისე გავიდა, რომ ჯერ ტურნირზე სეტი არ წაუგია.

რაც შეეხება მუგურუსას, მას უფრო მეტი ბრძოლა დასჭირდა ტურნირზე შემორჩენილი ბოლო რუსის ანასტასია პავლიუჩენკოვას დასამარცხებლად.

პირველ სეტში პავლიუჩენკოვა ორჯერ იგებდა ბრეიკით, მაგრამ ესპანელმა ორჯერ უკუბრეიკი შეასრულა და ბოლოს მესამე ბრეიკით დახურა სეტი. მეორე პარტიაშიც რუსი კვლავ ბრეიკით იყო დაწინაურებული და მუგურუსამ ისევ შეძლო სეტის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება. შეხვედრა საათი 35 წუთი გაგრძელდა – 7:5, 6:3. ესპანელი 2018 წლის შემდეგ, პირველად ითამაშებს „დიდი სლემის” ტურნირის ნახევარფინალში.

დატოვე კომენტარი