აუდიტის სამსახური - გადამცემი ხაზების მშენებლობის გაჭიანურების გამო, ელექტროსისტემამ 10.2 მილიონი ლარის ჯარიმა გადაიხადა
აუდიტის სამსახური - გადამცემი ხაზების მშენებლობის გაჭიანურების გამო, ელექტროსისტემამ 10.2 მილიონი ლარის ჯარიმა გადაიხადა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტს აქვეყნებს. დოკუმენტის ერთ-ერთი ნაწილი ელექტროგადამცემი ხაზების – „ჯვარი-ხორგისა“ და „ქსანი-სტეფანწმინდის“ მშენებლობას ეხება.

აუდიტის სამსახურის ცნობით, გადამცემი ხაზების მშენებლობა 2016-2017 წლებში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, პროექტები გაჭიანურდა, რის გამოც სახელმწიფო კომპანიის სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწია.

„პროექტის განხორციელების დროს წარმოქმნილმა პრობლემებმა გამოიწვია გადამცემი ხაზების მშენებლობის შეფერხება. კონტრაქტორების მოცდენის გამო, ელექტროსისტემამ გადაიხადა 10 220 729 ლარის ჯარიმა. აღნიშნული ჯარიმის გადახდის მთავარი მიზეზი იყო, რომ კომპანიამ ხელშეკრულებების გაფორმების დროს არ შეაფასა არსებული რისკები (განსახლების სირთულესთან დაკავშირებული რისკები)“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ირკვევა, რომ ელექტროსისტემამ გადამცემი ხაზების პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით ხელშეკრულებები გააფორმა კომპანიებთან Jyoti Structures LTD of India (13 035 533 ევრო) და ELTEL Group Oy (21 565 242 ევრო). ხელშეკრულებები კონტრაქტორების მოცდენის შემთხვევაში ითვალისწინებდა ელექტროსისტემის მხრიდან დამატებით ანაზღაურებას.

შეფერხების მიზეზთა შორის ასევე სახელდება ხეების მოჭრისა და მშენებლობის ნებართვების დაგვიანება, ხაზის მარშრუტისა და ანძების ტიპის ცვლილების მოთხოვნა ელექტროსისტემის მხრიდან, კონტრაქტორის თანამშრომლებისა და ტექნიკის მოცდენა და ა.შ.