აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - გვაქვს სააკაშვილის დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - გვაქვს სააკაშვილის დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან. მათი ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოვლენებს ახლოს აკვირდება.

„ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“, – აღნიშნეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნა, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნა, რომ იმყოფებოდა ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

შსს-მ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრები გაავრცელა.

დატოვე კომენტარი