აშშ-ის ღია პირველობა 19 წლის ბიანკა ანდრეესკუმ მოიგო
აშშ-ის ღია პირველობა 19 წლის ბიანკა ანდრეესკუმ მოიგო

19 წლის ბიანკა ანდრეესკუ პირველი კანადელი ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც „დიდი სლემის“ ტურნირი მოიგო. მან საათსა და 39 წუთში დაამარცხა ლეგენდარული ამერიკელი სერენა უილიამსი – 6:3, 7:5.

ფინალის წინ, აშკარა ფავორიტად უილიამსი იყო მიჩნეული. მან წინა ექვს მატჩში მხოლოდ ერთი სეტი დათმო, ანდრეესკუმ – ორი. აღსანიშნავია, რომ კანადელი ამ შეხვედრას 12-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა – აშშ-ის ღია პირველობამდე მან ტორონტოს უმაღლესი კატეგორიის ტურნირი მოიგო.

თითქმის მთელი ფინალის განმავლობაში ანდრეესკუ ფლობდა უპირატესობას, მაგრამ რამდენიმე რთული მომენტის გადალახვა მოუწია. კანადელმა შეხვედრა ბრეიკით გახსნა. მეშვიდე გეიმში მეორე ბრეიკის შანსი მიეცა, მაგრამ ხუთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. მომდევნო გეიმში სერენამ სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, თუმცა ბიანკამ ეს პირველი უსიამოვნო მომენტი გადალახა, მომდევნო გეიმში კიდევ ერთი ბრეიკი აიღო და პარტია დამაჯერებლად მოიგო.

მეორე სეტის პირველ ნაწილში ანდრეესკუ დომინირებდა. მართალია, უილიამსმა მატჩში პირველი ბრეიკი შეასრულა, მაგრამ კანადელმა ამას სამი ბრეიკით უპასუხა და 5:1 დაწინაურდა. მეშვიდე გეიმში საკუთარ მოწოდებაზე ბიანკამ პირველი მატჩბოლი მიიღო, რომელიც ვერ გამოიყენა და ამის შემდეგ დაიწყო უილიამსის ქამბექი. სერენამ ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და ანგარიში გაათანაბრა. ანდრეესკუმ გაუძლო ამ დარტყმას, საკუთარ მოწოდებაზე მე-11 გეიმი დამაჯერებლად მოიგო, რის შემდეგაც, მატჩი რიგით მეექვსე ბრეიკით დაასრულა.

უილიამსმა 2017 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე 23-ედ მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირი. მას კიდევ ერთი მოგება სჭირდებოდა იმისთვის, რომ გათანაბრებოდა „დიდ სლემზე“ მოგებების რაოდენობით აბსოლუტურ ჩემპიონს, ავსტრალიელ მარგარეტ კორტს. ამ ორი წლის განმავლობაში, სერენას ოთხჯერ ჰქონდა ამგვარი შესაძლებლობა, მაგრამ ოთხივე ფინალი წააგო.

საჩემპიონო გზა

1/64 ფინალი – ანდრეესკუ-ვოლინეცი (აშშ) 6:2, 6:4

1/32 ფინალი – ანდრეესკუ-ფლიპკენსი (ბელ) 6:3, 7:5

1/16 ფინალი – ანდრეესკუ-ვოზნიაცკი (დან) 6:4, 6:4

1/8 ფინალი – ანდრეესკუ-თაუნსენდი (აშშ) 6:1, 4:6, 6:2

1/4 ფინალი – ანდრეესკუ-მერტენსი (ბელ) 3:6, 6:2, 6:3

1/2 ფინალი – ანდრეესკუ-ბენჩიჩი (შვეიც) 6:3, 7:6(5)

ფინალი – ანდრეესკუ-ს. უილიამსი (აშშ) 6:3, 7:5