არნემში კაშიას სახელობის სკვერი გახსნეს - ქართველი „ვიტესში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს [ვიდეო]
არნემში კაშიას სახელობის სკვერი გახსნეს - ქართველი „ვიტესში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს [ვიდეო]

გურამ კაშია არ გამორიცხავს, რომ არნემის „ვიტესში“ ისევ დაბრუნდეს. საქართველოს ნაკრების მცველმა ეს „ვიტესისა“ და „ემენის“ თამაშამდე არნემის სტადიონზე განაცხადა, სადაც საზეიმო გაცილება მოუწყვეს.

კაშია „ვიტესიდან“ ამერიკის მეიჯორ ლიგის „სან ხოსეში“ წელს გადავიდა, მაგრამ არნემელი გულშემატკივრები მას არ ივიწყებენ და არა მხოლოდ თბილი შეხვედრა მოუწყვეს, არამედ, ფანების გაერთიანებამ და მის ლიდერმა კაშიას მადლობა უჩვეულო ჟესტით გადაუხადეს – 67 ჰექტარზე გაშენებული სკვერის ნაწილს „გურამ კაშიას სახელობის ირმების სკვერი“ დაარქვეს.

„შენ ნამდვილი კაპიტანი იყავი და ველოდებით, როდის დაგვიბრუნდები – ნებისმიერ როლში. განსაკუთრებული ადამიანი ხარ და განსაკუთრებულ საჩუქარს ამიტომაც იმსახურებ“ – ეს სიტყვები ქომაგთა ხელმძღვანელმა, პაულ კოსტერმა თქვა.

გურამ კაშიამ ფანებს ემოციური სიტყვებით მიმართა: „მადლიერების გამოსახატად სიტყვებს ვერ ვპოულობ. ჰოლანდია ჩემი მეორე სახლია, სადაც ფანტასტიკური დრო გავატარე და ბევრი რამ ვისწავლე. „ვიტესი“ და ჩვენი ფანები მუდამ ჩემს გულში იქნებიან.“

ამ ყოველივეს შემდეგ იყო დახვედრა „არნემის“ სტადიონზე, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა „ვიტესში“ დაბრუნება ახსენა – „ბედნიერი ვარ, რომ ვარ „ვიტესის“ ნაწილი, რომელთანაც ბევრი რამ მაკავშირებს. ამისთვის მადლობა არნემს და ჰოლანდიელებს. ეს ჩემი სახლია და „ვიტესში“ დაბრუნებას არ გამოვრიცხავ.“