არჩილ თალაკვაძე - დიალოგის ამ ეტაპზე ოპოზიცია ისევ არ აღმოჩნდა მზად, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებაზე
არჩილ თალაკვაძე - დიალოგის ამ ეტაპზე ოპოზიცია ისევ არ აღმოჩნდა მზად, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებაზე

ჩვენ საკითხების დამატება არ მოგვითხოვია და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართული შეხვედრის შემდეგ.

„დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა, მე მგონი, უკვე ყველამ გაიგეთ, თვითონ მედიატორის მხრიდან, რომ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა და ისინი ითხოვდნენ სხვა საკითხების დამატებას, ჩვენ საკითხების დამატება არ მოგვითხოვია და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, დანიელსონმა მათ შესთავაზა ტექსტი და ამ ტექსტზე ხელმოწერისთვის ოპოზიციამ მზადყოფნა არ გამოხატა.

„ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების და ჩვენიო ქვეყნის ინტერესებში შედის. სამწუხაროდ, დიალოგის ამ ეტაპზე ოპოზიცია ისევ არ აღმოჩნდა მზად, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

„თუ თქვენ ნახავთ იმ დოკუმენტს, რომელიც უკვე სასამართლო რეფორმაზე არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში, მაგ შეკითხვაზე პასუხი და ჩვენი კომპრომისული პოზიცია არის მოცემული შავით თეთრზე. ჩვენ მზად ვიყავით, რომ პროცედურისთვის გადაგვეხედა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით შეგვეცვალა შერჩევის პროცედურის ყველა ის მომენტი, რომელზეც ვენეციის კომისიას ჰქონდა რეკომენდაციები და გვთხოვდა ცვლილებას, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაგვეტარებინა მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა პარლამენტში, ამიტომ ამაზე პასუხი ჩვენ გვქონდა უკვე გაცემული მანამდეც კი, ვიდრე დღეს მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდებოდით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ ისაუბრა ნიკა მელიას საქმეზეც და აღნიშნა, რომ მის მიმართ სახელმწიფომ აჩვენა თავისი სამართლებრივი პოზიცია.

„შეგახსენებთ, რომ ის მოქალაქეებსა და სახელმწიფოს ეუბნებოდა, რომ კანონი მასთან მიმართებაში არ არსებობს და მას შეუძლია, რომ დაარღვიოს კანონი ისე, რომ არც გადაიხადოს გირაო და ვერც დააპატიმრებენ. აქ სახელმწიფომ მას შეახსენა, რომ კანონიც არსებობს და ინსტიტუტებიც ამ ქვეყანაში და ის დააპატიმრა მართლმსაჯულების სისტემამ. ამის გათვალისწინებით ჩვენ დღეს გამოვთქვით მზადყოფნა, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი განიხილავდა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიას, სადაც იცით, რომ ასევე სხვა პირებიც არიან პასუხისგებაში მიცემული. არა მხოლოდ ნიკანორ მელია, ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითი, თუ როგორ კომპრომისებზე მიდიოდა ხელისუფლება ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა ამ ტრიბუნასთან და ევროპულ თუ ამერიკულ ტრიბუნებთან თქვეს, რომ ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია არ შედის პარლამენტში და მათი ადგილები ცარიელია, ეს არის არა ხალხის სამსახური, არამედ რუსეთის ინტერესების სამსახური საქართველოში, ვინაიდან ეს ხელს უშლის, საქართველომ აჩვენოს სწრაფი პროგრესი, ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაცია, რაზეც ხელისუფლებას სრული პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ წლების განმავლობაში. ამ პასუხისმგებლობას ინარჩუნებს დღესაც, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება და ის პოლიტიკური გუნდი, ვინც კონსტიტუციაში ჩაწერა საქართველოს მიზნები ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამით მთავარი განაცხადი ჩვენი მხრიდან გაკეთდა, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმა განვახორციელეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, შეკითხვაზე, ნიკა მელიასთან დაკავშირებით იყო თუ არა გირაოს გადახდის შეთავაზება, თალაკვაძემ აღნიშნა: „იმ შენიშვნის გარდა, რაზეც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა აქ, ერთ-ერთი შენიშვნა, რომელიც ჩვენ პირდაპირ დავურთეთ ტექსტს ზუსტად იმიტომ, რომ ამაზე ყოფილიყო ძალიან მკაფიო ჩანაწერი, იყო ზუსტად, რომ დავაზუსტეთ, ამნისტია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს ჩადენილ დანაშაულებს ეხებოდა, ასევე შეეხებოდა ნიკანორ მელიას იმის გათვალისწინებთ, რომ ის პასუხისგებაში მიეცა. ასევე, მას შეეფარდა პატიმრობა, გირაო იქნებოდა გადახდილი იმის ნიშნად, რომ მეორე მხარე პატივს სცემს საქართველოში კანონის უზენაესობას და ამ შემთხვევაში, ჩვენ რა თქმა უნდა კომპრომისული და კონსტრუქციული პოზიცია გვქონდა ამნისტიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მაგალითად ერთ-ერთი შენიშვნა რაც ჩვენ გავახმოვანეთ იყო, რომ დაგვეზუსტებინა ის, რომ ეს ამნისტია ნიკანორ მელიასაც შეეხებოდა მას შემდეგ რაც გირაო იქნებოდა გადახდილი“, – აღნიშნა თალავაძემ.

ხოლო შეკითხვაზე, იყო თუ არა საუბარი, თუ ვინ გადაიხდიდა გირაოს, თალაკვაძემ აღნიშნა: „ვერ გეტყვით, ფაქტი არის ის რომ, მხარეს, ანუ ნიკანორ მელიას გირაო უნდა გადახდილიყო, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის პოზიცია, რასაც კანონის ითვალისწინებს“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

დატოვე კომენტარი