არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მთავარი ამოცანა, როგორც რეგიონში, ისე ქვეყნის შიგნით, უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფაა
არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მთავარი ამოცანა, როგორც რეგიონში, ისე ქვეყნის შიგნით, უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფაა

ჩვენი მთავარი ამოცანა, როგორც რეგიონში, ისე ქვეყნის შიგნით, უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფაა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით.

„ამ ყველაფერმა გამოაჩინა, რომ საქართველოში გვყავს პოლიტიკური ძალები, რომლებიც შეფარვით და პატრიოტიზმის საფარქვეშ ზიანს აყენებენ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს. განვითარებული მოვლენები ცხადია და ამაში შედის „რუსთავი 2“-ისა და მისი მმართველი ჯგუფის პროვოკაციები, რომლებიც ბოლო დღეებში მოხდა. რაც შეეხება ხელისუფლებას და ჩვენს პოზიციას, ის უცვლელია და ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს დღეს სჭირდება და მომავალშიც დასჭირდება პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, რათა ქვეყანა და საზოგადოება არ გახდეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის აგრესიული დღის წესრიგის მძევალი. ჩვენი მთავარი ამოცანა, როგორც რეგიონში, ისე ქვეყნის შიგნით, არის უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა.

ეს არის „რუსთავი 2“-ისა და მისი მმართველი ჯგუფის პროვოკაცია და იმ საერთო აგრესიული სცენარის ნაწილი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ასე აშკარა გახდა ამ პოლიტიკური ჯგუფის მიერ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, სათანადო შეფასება უნდა ჰქონდეს ოკუპაციას და ეს არის პრინციპული საკითხი.

„საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირ კომპრომისს ამ საკითხზე არ აპირებს, მეორე მხრივ, ადეკვატური შეფასებები უნდა მივცეთ ქვეყნის შიგნით იმ პროვოკაციულ მოქმედებებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა მიზანი და გეგმაც, როგორც აღმოჩნდა, არის აგრესიულ დღის წესრიგში ქვეყნის შეყვანა, ამით ჩვენი საზოგადოება, ეკონომიკის უსაფრთხოების დაზიანება – ეს არის რეალობა!

მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პოლიტიკური განმარტებები ჩვენ უნდა გავაკეთოთ. უნდა გვქონდეს ჩვენი პასუხისმგებლობა და გამოვიჩინოთ სიფრთხილე, წინდახედულება და გონიერება, როდესაც საქმე ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებასა და ეკონომიკური უსაფრთხოების ინტერესებს ეხება. მიმდინარე მოვლენები, მათი შეფასება, რა თქმა უნდა, არ ცვლის ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების დამოკიდებულებას ოკუპაციასთან. უკანონო ოკუპაცია სახეზეა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს.