არჩილ თალაკვაძე - არჩევნები სულ ადასტურებს, რომ საქართველოში საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა აქვს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ კურსს
არჩილ თალაკვაძე - არჩევნები სულ ადასტურებს, რომ საქართველოში საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა აქვს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ კურსს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ნატო-სა და ევროკავშირს ირჩევს, რასაც მუდმივად ადასტურებს არჩევნები. ეს განცხადება არჩილ თალაკვაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის საპასუხოდ გააკეთა.

თალაკვაძე ამბობს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური გზა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია და ეს ქვეყნის უზენაეს კანონშიცაა ასახული.

„საქართველოს მიზანი, რომ გაწევრიანდეს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, წერია ჩვენს კონსტიტუციაში. სწორედ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ასევე, რეგულარული არჩევნები ამ ქვეყანაში ადასტურებს, რომ საქართველოში საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა აქვს ჩვენს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ კურსს.

არჩევნებში ფაქტია, რომ ჩვენი მოქალაქეები უფრო მეტად და მნიშვნელოვნად მხარს უჭერენ ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც თავის პროგრამაში, თავის საგარეო და პოლიტიკურ კურსში აქვთ მყარად მოცემული ჩვენი საგარეო პოლიტიკური არჩევანი – ეს არის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, თუ საზოგადოებაში რჩებიან ისეთი ადამიანები, ვისთვისაც ჯერ კიდევ კარგად არ არის გასაგები, თუ რას ნიშნავს ნატო, ევროკავშირი და თანამშრომლობა აშშ-სთან, პოლიტიკოსების და მედიის მოვალეობაცაა, ასეთ მოქალქეებს მეტი ინფორმაცია მიაწოდონ, რატომაა მნიშვნელოვანი ევროპული და ევროატლანტიკური კურსი.

ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ „წლების განმავლობაში ნატო გვეუბნება, რომ მისი კარი ღიაა, მაგრამ არავინ გვეუბნება ვადას, როდის გავწევრიანდებით“.