არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ მოქმედ კანონში ზუსტდება, როგორ უნდა განხორციელდეს შეზღუდვები, რომლებიც კორონავირუსის გამო არის საჭირო
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ მოქმედ კანონში ზუსტდება, როგორ უნდა განხორციელდეს შეზღუდვები, რომლებიც კორონავირუსის გამო არის საჭირო

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ მოქმედ კანონში ზუსტდება, როგორ უნდა განხორციელდეს შეზღუდვები, რომლებიც კორონავირუსის გამო არის საჭირო. მან ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე იმსჯელეს. აღნიშნული ცვლილებებით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის კრიტიკას უპასუხა, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტი მთავრობას აძლევს უფლებას, შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, ჩაკეტოს ქალაქები და პარლამენტს არაფერი ჰკითხოს.

„თქვენი პოზიცია არის მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი სიტყვები და არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი პოლიტიკური პოზიცია, მას არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ რომან გოცირიძეს.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა რომან გოცირიძეს, რომ ის მივიდა ბიუროს სხდომაზე და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, თალაკვაძემ კოლეგას მოუწოდა, კარგად გადახედოს არსებულ კანონმდებლობას.

„კარგი იქნებოდა, თქვენს გამოსვლამდე გადაგეხედათ კიდევ ერთხელ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონის მოქმედი რედაქციისთვის. ხაზგასმით ვამბობ, მოქმედი რედაქცია, რომელსაც სხვათა შორის თქვენთვის ძალიან ნაცნობი ადამიანი აწერს ხელს, თქვენთვის ძალიან ნაცნობ წლებში, წერია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია, არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადების გავრცელების საფრთხეს და იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას. ამავე კანონის მოქმედ რედაქციაში წერია რომ ვალდებულია, შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას. ამავე მოქმედ კანონში წერია, რომ დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები, რომელსაც მას მიუთითებენ ჯანდაცვის სამსახურები. ამავე კანონში წერია პირის იზოლაცია და კარანტინში მოთავსებაც. ამავე კანონში წერია, რომ ეპიდემიურ კერაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირის მიმართ შესაბამისი სამსახურების მეშვეობით საკარანტინო ღონისძიებების გატარება შესაძლებელია. ამავე კანონში წერია ავადმყოფთან კონტაქტში მყოფთა საკარანტინო ღონისძიებების გატარების შესახებ. ამავე კანონში წერია სხვა სამინისტროების კომპეტენციები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და კონკრეტულად არის აღწერილი შსს-ს, თავდაცვის, პენიტენციური და სხვა სამინისტროების სფეროში იმ შეზღუდვების შესაძლებლობა, რომელიც ასეთი ეპიდემიური საფრთხის დროს არის შესაძლებელი.

ცვლილებები კი, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს, ვინაიდან ეს კანონი მართლაც ბევრი წლის წინ არის მიღებული, აზუსტებს და დღევანდელ მოცემულობაში განმარტავს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს შეზღუდვები და ეს პრევენციული ზომები, რომლებიც რეალურად დღეს ჩვენ გვჭირდება.

უბრალოდ, დავასრულოთ ის აპოკალიპტური პროგნოზები, რომელიც თქვენ აქ გააკეთეთ. მე მინდა, დაგიმტკიცოთ, რომ თქვენ სუფთა მანიპულაციას აკეთებთ დღეს ამ სხდომაზე და სარგებლობთ იმ მანდატით, რომელიც თქვენ გაქვთ პარლამენტში. ამის დასადასტურებლად არის მარტივი ტესტი – თვლით თუ არა თქვენ რომ შეზღუდვები საჭიროა და მიგაჩნიათ თუ არა, რომ სისტემურმა შეზღუდვებმა, რომელიც მთავრობამ და ხელისუფლებამ გააკეთა, შედეგი გამოიღო?“ – მიმართა თალაკვაძემ გოცირიძეს.

რომან გოცირიძემ ამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ შეზღუდვები დაამტკიცა პარლამენტმა. „ისინი ეფექტიანი იყო, ამის თაობაზე არ ვკამათობთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება, რომელმა შეზღუდვებმა გაამართლა და რომელმა არა, მაგრამ შეზღუდვები განხორციელდა კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის დეკრეტით და ამ დეკრეტს პარლამენტმა მისცა თანხმობა“, – განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე.