არჩევნებს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი დააკვირდება
არჩევნებს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი დააკვირდება

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი დააკვირდება.

„საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი საკუთარ მისიას 64 მუნიციპალიტეტში განათავსებს. მისიას უხელმძღვანელებს დევიდ ერეი (შვეიცარია). მისიის შემადგენლობაში ასევე შედის კონგრესის 18 დამკვირვებელი 15 ქვეყნიდან. აღნიშნული მისია ეუთო/ოდირი-სა და ევროპარლამენტის ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ნაწილია.

არჩევნების დღეს შესაბამის ადგილებზე განთავსებამდე, მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები 30 სექტემბერს და პირველ ოქტომბერს შეხვედრებს გამართავენ დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. კონგრესის დელეგაცია ასევე შეხვდება ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ თორნიკე ჭეიშვილს.

ევროპარლამენტის დელეგაციასთან ერთად, იგეგმება ეუთო/ოდირი-ს არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ძირითადი ჯგუფისა და გრძელვადიანი დამკვირვებლების ერთობლივი ბრიფინგის ორგანიზება. მოსამზადებელი პროგრამის დასკვნით ნაწილში იგეგმება ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებთან და პარტიის წარმომადგენლებთან, ასევე, კონგრესში შემავალი ქართული დელეგაციის წევრებთან შეხვედრა.

კენჭისყრის დღეს კონგრესის ცხრა გუნდი განთავსდება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში და მიმდებარე სოფლებში. მისია 2021 წლის 3 ოქტომბერს, კვირას, 20:00 საათზე, თბილისის „შერატონ მეტეხი პალასში“, ეუთო/ოდირი-სა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად გამართული ერთობლივი პრესკონფერენციით დასრულდება“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კონგრესის დელეგაციაში შედიან: დევიდ ერეი – დელეგაციის ხელმძღვანელი (შვეიცარია), რენდი მონდორფი – დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე (დანია), ლალე ბექთაში (თურქეთი), კარლა დეიონგე (ბელგია), იანა ფიშეროვა (ჩეხეთი), სამირა ჰუსეინოვა (აზერბაიჯანი), გიორგი ილესი (უნგრეთი), მატია კოვაჩი (სერბეთი), ჯუზეპე მანი (იტალია), ვლადიმერ პრებილიჩი (სლოვენია), კრისტოფერ ტამსონსი (შვედეთი), ერიონ ველიაი (ალბანეთი), ემინ იერიციანი (სომხეთი).