„აქსიოსი“ – დონალდ ტრამპის მოსაზრებით, „ენერგეტიკული ზავი“ ნიშნავს, რომ რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს შეწყვეტენ

01:01, 12.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოსაზრებით, „ენერგეტიკული ზავი“ იმას ნიშნავს, რომ რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს შეწყვეტენ, – ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა „აქსიოსთან“ საუბარში აღნიშნა.

„იგულისხმება პოტენციური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თითოეული მხარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს შეწყვეტს. ის ელოდება, რომ ზელენსკი ამ შეთანხმებას დაიცავს“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, თუ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეწყდება, შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს შეთანხმება ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ქსელებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ.

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა „აქსიოსს“ განუცხადა, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელსაც რუსეთი არაერთხელ დაესხა თავს და რომელიც სრული სიმძლავრით არ მუშაობს. რუსეთს კი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ფართო ქსელი აქვს.

როგორც გამოცემა წერს, თეთრი სახლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ უკრაინის თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ზელენსკისა და ტრამპის ურთიერთობას უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე თავად რუსეთს.

ასევე, „აქსიოსის“ ინფორმაციიით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გადადეს, „სულ მცირე, იქამდე, ვიდრე არ გაირკვევა, მზად არიან თუ არა უკრაინა და ევროპის ქვეყნები, დათანხმდნენ ახალ წინადადებას“.

მსგავსი