ანტონ პლესნოიმ ატაცში ვერცხლის მედალი აიღო და 23-წლამდელთა შორის ევროპის რეკორდი დაამყარა [ფოტო]
ანტონ პლესნოიმ ატაცში ვერცხლის მედალი აიღო და 23-წლამდელთა შორის ევროპის რეკორდი დაამყარა [ფოტო]

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კიდევ ერთი, რიგით მეშვიდე მედალი ანტონ პლესნოიმ მოუტანა. 22 წლის ნატურალიზებული უკრაინელი, რომელიც უკვე ორი წელია საქართველოს მოქალაქე და ასანიძის გუნდის წევრია, 96 კილოგრამი წონითი კატეგორიაში ასპარეზობს და პირველ მოძრაობაში გამოსვლა ვერცხლის მედლით და 23-წლამდელთა შორის ევროპის რეკორდით დაასრულა.

პლესნოიმ პირველ ცდაზე 165 კილოგრამი აიტაცა. მეორე ცდაზე ძელის სიმძიმემ 170 კილოგრამი შეადგინა რაც 23-წლამდელთა შორის ევროპის რეკორდის გამეორება იყო და ანტონმა ეს სიმძიმეც წარმატებით დაძლია. მთავრი წარმატების დრო კი ატაცის ბოლო ცდაზე დადგა. ჯერ ეს რეკორდი უკრაინელმა პიროჰოვმა მოხსნა, რომელმაც 171 კილოგრამი დაიმორჩილა, თუმცა აქედან ორ წუთში პლესნოიმ ორი კილოგრამით მეტი – 173 აიტაცა და ამ დისციპლინის ვერცხლის მედალსაც დაეუფლა. საბოლოოდ პლესნოის რეკორდი ბელორუსმა ეუჰენი ციკაცოვმა მოხსნა (178 კგ.) და ამ დისციპლინის ოქროს მედალიც აიღო.

რამდენიმე წუთში მეორე მოძრაობა დაიწყება სადაც გიორგი ასანიძეს ანტონ პლესნოისთვის 195 კილოგრამით დაწყება აქვს დაგეგმილი, პირველი მოძრაობის შემდეგ გალიდერებული ბელორუსი ძალოსანი კი აკვრის დაწყებას 200 კილოგრამით აპირებს. პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ და მეორე არხზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროპირველობაზე უკვე შვიდი მედალი აქვს. პლესნოიმდე სამი მედალი რევაზ დავითაძემ (89. კგ) აიღო, რომელმაც ატაცში ოქრო, აკვრასა და ორჭიდში კი ორჭიდში კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. აკვრაში ოქროს მედალი შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო. ასევე აკვრაში ვერცხლი, ორჭიდში ბრინჯაო კი გოგა ჩხეიძემ (67 კგ.) ერგო.