ანრი ოხანაშვილი - გუნდთან ერთად გავაკეთებ ყველაფერს, ჩვენი ნებისმიერი საკანონმდებლო წინადადება საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდეს
ანრი ოხანაშვილი - გუნდთან ერთად გავაკეთებ ყველაფერს, ჩვენი ნებისმიერი საკანონმდებლო წინადადება საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდეს

გუნდთან ერთად გავაკეთებ ყველაფერს, ჩვენი ნებისმიერი საკანონმდებლო წინადადება საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ახლად არჩეულმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის.

„უპირველესად, დიდი მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა; გუნდის და პარტიის ხელმძღვანელობას, ვინც მე დამასახელა ამ პოზიციაზე. ძალიან კარგად ვაცნობიერებ ამ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს მეკისრება. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წამყვანი კომიტეტი საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ცხოვრებაში. მზად ვარ, გუნდთან ერთად გავაკეთო ყველაფერი, რათა ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენი ნებისმიერი საკანონმდებლო წინადადება საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდეს.

რაც შეეხება კონკრეტული პირების გადაწყვეტილებას, ეს არის მათი არჩევანი, ეს არის დემოკრატიის ნაწილი განსხვავებული აზრი, მე პატივს ვცემ ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, რომელსაც ისინი აფიქსირებენ. ეს არის ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანების აზრიც მოვისმინოთ, თუმცა იმ პირებს შორის, ვინც მხარი არ დაუჭირა ჩემს კანდიდატურას, მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, ვინც ეს დააფიქსირა – ბატონი გედი ფოფხაძე. ასე რომ, ეს არის მისი არჩევანი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 98 მომხრე ხმით, 4-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.