ანრი ოხანაშვილი - ბიბილოვის განცხადებაზე მოსახლეობის პროტესტი არის ბუნებრივი რეაქცია
ანრი ოხანაშვილი - ბიბილოვის განცხადებაზე მოსახლეობის პროტესტი არის ბუნებრივი რეაქცია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოკუპანტი ქვეყნისა და მათი ინტერესების გამტარებლის მხრიდან თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის თაობაზე ნებისმიერი განცხადება და ქმედება სირცხვილია. ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მოთხოვნას გამოეხმაურა, სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის აღების თაობაზე.

დეპუტატის თქმით, ძალიან დიდი სირცხვილია, როცა 21-ე საუკუნეში ადამიანებს ეუბნებიან, რომ შეიძლება თავისუფალი გადაადგილების უფლება შეეზღუდოთ და თავისუფლება აღუკვეთონ.

„ეს ცივილიზებული საზოგადოების მონაპოვარი და უმთავრესი რამეა, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს – მისი შეხედულებისამებრ გადაადგილდეს ნებისმიერ ტერიტორიაზე, მით უმეტეს, როცა საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიასა და იმაზე, რომ მათ აქვთ სურვილი გადაადგილდნენ საკუთარი ნათესავების მოსანახულებლად. მოსახლეობის მხრიდან გამოჩენილი პროტესტი არის ბუნებრივი რეაქცია, რომელიც ყველა იმ ადამიანს უნდა ჰქონდეს, რომელმაც იცის, თავისუფლება და ისიც, რას ნიშნავს, თავისუფალი გადაადგილება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის აღება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მოითხოვა. მან თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევში, ახალგორის მოსახლეობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადავა. ე.წ. პრეზიდენტის მოსაზრებით, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიმართონ. მის განცხადებას მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა და მათ კულტურის სახლში მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე მოსახლემ თქვა, რომ მათი ნათესავები თბილისში ცხოვრობენ და თუ მათ სანახავად „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობაზე უარის თქმაა საჭირო, მაშინ მზად არიან, პოსპორტი ჩააბარონ. ამასთან დაკავშირებით კი, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა.