„ანორთოსისის“ პრეზიდენტი - მივმართავ ჩვენი გუნდის მეგობრებს, არ ინერვიულოთ, ქეცბაიას დატოვებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს #1TVSPORT
„ანორთოსისის“ პრეზიდენტი - მივმართავ ჩვენი გუნდის მეგობრებს, არ ინერვიულოთ, ქეცბაიას დატოვებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს #1TVSPORT

„ანორთოსისი“ კვიპროსის თასის ფინალში 13 წლის შემდეგ პირველად გავიდა და მაშინაც გუნდს თემურ ქეცბაია ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა მწვრთნელმა წინასწარ განაცხადა, „ანორთოსისს“ მთავარი მწვრთნელის როლში ბოლოჯერ ფინალში გაუძღვებოდა, გუნდის პრეზიდენტმა, ევგენიოს ჰამბულასმა რადიო „აქტივთან“ სენსაციური განცხადება გააკეთა, რომ ქართველ სპეციალისტთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. 

„თემურ ქეცბაიას ყოველდღე ვხვდებით. ჩვენი მიზანი სეზონის ბოლოს მისი საკითხის დადებითად გადაწყვეტაა. ჩემი, ადმინისტრაციის და „ანორთოსისში“ ყველას სურვილია, ოქროს კვეთა ვიპოვოთ და თემური შევინარჩუნოთ. ამ ეტაპზე მეტის დაკონკრეტება არ შემიძლია. ასევე ფიქრობს გუნდის მთავარი აქციონერი პულაიდისიც“, – განაცხადა ევგენიოს ჰამბულასმა.

„ანორთოსისის“ პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს, კონკრეტულად ქეცბაიას რაზე შეუთანხმდნენ, რაზეც მან უპასუხა: „მე არ ვაპირებ პირად შეხვედრებზე ნათქვამი გავასაჯაროვო. მაგრამ გუნდში ყველანი ვმუშაობთ იმაზე, რომ თასი მოვიპოვოთ, ევროტურნირზე ვითამაშოთ და ჩვენი თანამშრომლობა გავაგრძელოთ. მივმართავ „ანორთოსისის“ მეგობრებს, არ ინერვიულოთ, დიახ, თემურ ქეცბაიას დატოვებაზე მოლაპარაკებები მინდინარეობს“.