„ანორთოსისის“ გულშემატკივრებმა ვარჯიშზე ტრიბუნა შეავსეს და ლორიას მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს
„ანორთოსისის“ გულშემატკივრებმა ვარჯიშზე ტრიბუნა შეავსეს და ლორიას მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს

„ლორია! ლორია!“ – სკანდირებდნენ „ანორთოსისის“ გულშემატკივრები, რომლებიც ქართველი მეკარის მხარდასაჭერად გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მივიდნენ და მეკარის უკან მდებარე ტრიბუნები სრულად შეავსეს.

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ფანებს არ სჯერათ იმ ბრალდებების, რაც კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურში „ანორთოსისისა“ და „აპოლონის“ მატჩის შემდეგ (სტუმრებმა ანგარიშით 3:1 მოიგეს) გამოითქვა. 37-ე წუთზე ფამაგუსტელთა კარში დანიშნული პენალტისას მეკარე გიორგი ლორია „აპოლონის“ თავდამსხმელ ჩარლისონ ბენშოპს უყურებდა და ცდილობდა, დარტყმის მიმართულების მითითებით მეტოქე დაებნია. ამ მიმიკის გამო, საქართველოს ნაკრების მეკარემ ეჭვები გამოიწვია.

„ანორთოსისი“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 24 სექტემბერს შვეიცარიაში „ბაზელს“ ესტუმრება. მატჩამდე თემურ ქეცბაიას გუნდმა ბოლო ვარჯიში გამართა, სადაც „ანორთოსისის“ ქართველ მეკარეს გულშემატკივრები დახვდნენ და მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

სურათი გამოცემა „სიგმალაივმა“ გამოაქვეყნა. იგივე გამოცემა წერს:

„აგორებული სკანდალის შემდეგ გულშემატკივრები „ანტონის კარასის“ სპორტულ კომპლექსში გამართულ ვარჯიშზე ორგანიზებულად შეიკრიბნენ და ხუთშაბათის ევროპულ მატჩამდე მეკარე გიორგი ლორიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს – ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც გუნდის ქართველი ლიდეროს მორალური მდგომარეობა და საბრძოლო სულისკვეთება უნდა გააუმჯობესოს“.