სკანდალი კვიპროსზე - ლორიას საქციელმა დაბნეულობა და ეჭვები დაბადა
სკანდალი კვიპროსზე - ლორიას საქციელმა დაბნეულობა და ეჭვები დაბადა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურში „ანორთოსისისა“ და „აპოლონის“ მატჩის შემდეგ (სტუმრებმა 3:1 მოიგეს) ფამაგუსტას გუნდს და მის მეკარეს მოულოდნელად ბრალდებები წაუყენეს.

37-ე წუთზე ფამაგუსტელთა კარში დანიშნული პენალტისას ფამაგუსტელთა მეკარე გიორგი ლორია „აპოლონის“ თავდამსხმელ ჩარლისონ ბენშოპს დარტყმის მიმართულებას უთითებს, რაც მეტოქის დასაბნევად ბევრ მეკარეს გაუკეთებია. ამ მიმიკის გამო საქართველოს ნაკრების მეკარემ ეჭვები გამოიწვია – ამტკიცებენ, თითქოს, ფამაგუსტელთა მეკარემ თავდამსხმელს დარტყმის მიმართულება მიუთითა.

ეჭვები მას შემდეგ გაიზარდა, როდესაც კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეას პაპახარალამბუსმა განაცხადა, რომ თამაშამდე „აპოლონის“ მოგებაზე კოეფიციენტი საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა შემდეგ თავისი განცხადება უარყო.

„ტოტალიზატორებში გაზრდილი ფსონების რაოდენობა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ვინ გამორიცხავს, რომ პენალტისას თავის ქნევა წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა? მეკარეს ხელს გარიგებაზე უსაფუძვლოდ ვერავინ დაადებს. კომიტეტი სპორტული პრინციპების დასაცავად შეიქმნა და არა ფსონების რაოდენობის შესასწავლად. ვალდებულნი ვართ დავიცვათ სპორტი, მაშინაც კი, თუ გულშემატკივრები რამეს არასწორად გაიგებენ,“ – აცხადებს კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

ამავე დროს, ანდრეას პაპახარალამბუსს წამოსცდა, რომ „ანორთოსისის“ საქციელის გამო გაღიზიანებულია.

„ისმის ხმები, რომ ჩემპიონატი ფარსია, რომ ჩემპიონატი შეჩერებულია. რადგან ისინი („ანორთოსისი“) თავად ქმნიან პრობლემებს, თავად ეს გუნდი რატომ არ უნდა გამოიძიონ?“ – ამბობს კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე.