„ანორთოსისი“ ლორიას ნდობას უცხადებს - გუნდის თითოეული წევრის უსაზღვროდ გვჯერა
„ანორთოსისი“ ლორიას ნდობას უცხადებს - გუნდის თითოეული წევრის უსაზღვროდ გვჯერა

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კატეგორიულად არ ეთანხმება გიორგი ლორიასადმი გამოთქმულ ეჭვებს – ამის შესახებ კვიპროსულმა კლუბმა საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურში „ანორთოსისისა“ და „აპოლონის“ მატჩის შემდეგ (სტუმრებმა 3:1 მოიგეს) ფამაგუსტას გუნდს და მის მეკარეს მოულოდნელად ბრალდებები წაუყენეს. 37-ე წუთზე ფამაგუსტელთა კარში დანიშნული პენალტისას მეკარე გიორგი ლორია „აპოლონის“ თავდამსხმელ ჩარლისონ ბენშოპს დარტყმის მიმართულებას უთითებდა, რაც მეტოქის დასაბნევად ბევრ მეკარეს გაუკეთებია. მაგრამ ამ მიმიკის გამო საქართველოს ნაკრების მეკარემ ეჭვები გამოიწვია.

ეჭვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამ თემას კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეას პაპახარალამბუსი გამოეხმაურა.

ანორთოსისმა” ოფიციალური განცახდება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:

„ჩვენი კლუბი კატეგორიულად გმობს ყველა იმ განცხადებას, რაც ბოლო საათებში „ანორთოსისის“ გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით გაკეთდა. ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებები კითხვებს ბადებს. როგორ შეიძლება ბატონმა პაპახარალამბუსმა ამტკიცოს, რომ მან თამაში შეისწავლა, თუ ეს ყველაფერი ჭორებს და უსაფუძვლო ლაპარაკებს ემყარება? როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი მომხდარიყო ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტ, ევროპალიგის თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე? როგორ გინდა, არ გვჯეროდეს, რომ ბატონი პაპახარალამბუსის პოზიცია არ უკავშირდება ჩვენს მიერ გაკეთებულ 9 თვის წინანდელ განცხადებას, სადაც მსგავს ამბებზე გამოძიებას თავად ვითხოვდით?“ – წერია ფამაგუსტას გუნდის განცხადებაში.

ამავე დროს, „ანორთოსისის“ ადმინისტრაცია ქართველ მეკარეს ნდობას უცხადებს.

„კლუბმა ამ თემაზე ლაპარაკი დაასრულა. ჩვენი მენეჯმენტი, მოთამაშეები, ტექნიკური პერსონალი, ცალსახა და უსაზღვრო ნდობას ვუცხადებთ ყველას, ვინც საფეხბურთო გუნდს წარმოადგენს. „ანორთოსისი“ პატივს სცემს სპორტის ეთიკის დაცვის კომიტეტის ინსტიტუტს და აცხადებს, რომ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერი ფაქტის გამოძიებაში, როგორც ამას მოითხოვს კანონმდებლობა, კომიტეტის თავმჯდომარის პრაქტიკის საწინააღმდეგოდ”.