ანდრეი დემჩენკო – მსაჯებმა ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესად უნდა იმუშაონ #1TVSPORT
„იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ სლოვაკურ „სლოვანთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი პრესკონფერენციაზე შეაჯამა:
„სად შეექმნა გუნდს ყველაზე დიდი პრობლემა? დღეს ძალიან კარგად ორგანიზებული და დაკომპლექტებული გუნდი დაგვიპირისპირდა. გამოჩნდა, რომ ასეთ მეტოქეებთან კარგად თამაში შეგვიძლია და საამისო რესურსიც გაგვაჩნია, მაგრამ დაშვებულმა შეცდომებმა წაგვაგებინა. პირველი გოლის ეპიზოდში არბიტრს მეკარეზე წესების დარღვევა უნდა დაენახა – ის დაბლოკეს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პირწმინდად წავაგეთ.
იყო თუ არა 81-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დასანიშნი? ეს მომენტი ჯერ არ მინახავს. თუმცა ქობულაძეს ვკითხე და მითხრა, რომ ფეხებში ჩაარტყეს. არადა, მსაჯი იქვე იდგა. მსგავსმა უხეშმა შეცდომებმა, რომლებიც მათ დღეს დაუშვეს, ასეთ შედეგამდე მიგვიყვანა. მსაჯმა ხელი შეგვიშალა სტანდარტულის შესრულებაშიც, რომელსაც ორი კვირის განმავლობაში ვამზადებდით. მსაჯებმა ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესად უნდა იმუშაონ. ერთი გოლიც რომ გაგვეტანა, ბრატისლავაში გაცილებით უკეთესი განწყობით გავემგზავრებოდით.
რაც შეეხება საპასუხო შეხვედრას, ფეხბურთის ისტორიიდან არაერთი მაგალითის გახსენება შეგვიძლია, როდესაც გუნდმა პირველი მატჩი დიდი ანგარიშით წააგო, საპასუხო კი მოიგო. მთავარია, საკუთარი ძალების ვირწმუნოთ, შეუძლებელი არაფერია“, – თქვა დემჩენკომ.
თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს სლოვაკურ „სლოვანთან“ 29 ივლისს, ბრატისლავაში გამართავს. მანამდე კი, 24 ივლისს საქართველოს თასის ეგიდით ზესტაფონში „მარგვეთს“ ესტუმრება.