ანდრეი დემჩენკო - ამ ეტაპზე ბათუმის „დინამოში“ რადიკალურ ცვლილებებს არ ვგეგმავ #1TVSPORT
ანდრეი დემჩენკო - ამ ეტაპზე ბათუმის „დინამოში“ რადიკალურ ცვლილებებს არ ვგეგმავ #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ წარდგენის შემდეგ ვრცლად ისაუბრა მიზნებსა და გუნდთან დაკავშირებულ გეგმებზე, თავის წინამორბედს, გია გეგუჩაძეს კი მადლობა გადაუხადა.

„ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა ჩემთვის დიდი გამოწვევაა. მთავარი ფაქტორი, რასაც ამ ნაბიჯის გადადგმის დროს ჩავეჭიდე და, გარკვეულწილად, ჩემი მოტივაცია განსაზღვრა, კონტრაქტში არსებული პირობაა იმის შესახებ, რომ გუნდი, ჩემპიონობისა და პირველი პოზიციის გარდა, სხვა ადგილს არ განიხილავს, სხვა შედეგი წარუმატებლობად ჩაითვლება.

ამიტომ არის ეს სამუშაო ჩემთვის უდიდესი გამოწვევა და მინდა, გავამართლო იმ ადამიანების იმედები, ვინც არჩევანი ჩემზე შეაჩერა. ენერგიითა და ძალ-ღონით აღსავსე შევუდგები ჩემი მოვალეობების შესრულებას. მინდა, დავამტკიცო, რომ ეს პოსტი დავიმსახურე და აქ შემთხვევით არავის მოვუყვანივარ.

რაც შეეხება გორის „დილადან“ ჩემი წამოსვლის საკითხს. იმ ადამიანების გასაგონად, ვინც ჩემს მიმართ გარკვეული ბრალდებები წამოაყენა, განვმარტავ: მაშინ, როცა „დილასთან“ კონტრაქტი მიმთავრდებოდა და უცხოეთიდან კარგი შეთავაზება მქონდა, კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდში დარჩენა მთხოვა და კონტრაქტში შეიტანეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ევროტურნირების ჩამთავრების შემდეგ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვა შემეძლო, ამას „დილას“ ხელმძღვანელობაც დაგიდასტურებთ.

ბათუმის „დინამო“ საქართველოს ეროვნული ლიგის გამორჩეული გუნდია და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის ფლაგმანადაც იქცა. მინდა, გავამყარო ეს პოზიციები და გუნდის წარმატებები გავამრავლო. იმის გათვალისწინებით, რომ კლუბს წელს 100 წლის იუბილე აქვს, კარგად ვხვდები და ვაცნობიერებ, რა საპასუხისმგებლო საქმე მელის წინ.

გია გეგუჩაძემ ბათუმის „დინამოში“ ექვსი წელი გაატარა და დიდი სამუშაო გაწია. აქ თავმოყრილნი არიან კარგი და კვალიფიციური ფეხბურთელები, მადლობა ჩემს წინამორბედს ასეთი გუნდის შეკრებისთვის. დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში და 100 პროცენტით მზად ვარ, მივიღო ეს გამოწვევა.

მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე გუნდში რადიკალურ ცვლილებს არ ვგეგმავ, რაღაცის დაშლა ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე შენება, ამიტომ არსებულზე დავაშენებთ და მხოლოდ მცირე კორექტირებებს შევიტანთ“, – ამბობს ანდრეი დემჩენკო.