ამერიკელი გენერალი უახლოეს 10 წელიწადში აშშ-ჩინეთის ომსა და ოდესის ოკუპაციას არ გამორიცხავს
ამერიკელი გენერალი უახლოეს 10 წელიწადში აშშ-ჩინეთის ომსა და ოდესის ოკუპაციას არ გამორიცხავს

ამერიკელი გენერალი უახლოეს ათ წელიწადში ჩინეთთან ომს პროგნოზირებს. ასეთი ვარაუდი ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა გააკეთა. ინფორმაციას ჩეხური გამოცემა „ჩეშსკიე ნოვინი“ ავრცელებს.

„იმედია, ვცდები, თუმცა ასეთი ტრაექტორია არსებობს. როდესაც ვუსმენ, თუ რას აკეთებს ჩინეთი და რაზე საუბრობენ მათი ლიდერები, ვფიქრობ, კონფლიქტი მოსალოდნელია“, – ამბობს ჰოჯესი.

მისივე თქმით, აშშ-ს სჭირდება მოკავშირეები ევროპაში, კანადასა და ავსტრალიაში, ხოლო ნატო-მ საკუთარი ძალის დემონსტრირება უნდა მოახდინოს. გენერალმა გერმანიას მოუწოდა, თავდაცვის სფეროს დასაფინანსებლად მეტი თანხა გამოყოს. ჰოჯესი ასევე მიიჩნევს, რომ ნატო-მ შავ ზღვაში წარმომადგენლობა უნდა გაზარდოს.

„ეს არის რეგიონი, სადაც რუსეთი ყველზე ძლიერ აგრესიას ახორციელებს. თუ დასავლეთი ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით ვერაფერს გააკეთებს, სრულიად შესაძლებელია, რომ ოდესა იქნება შემდეგ ქალაქი, რომლის ოკუპაციასაც რუსეთი შეეცდება, ანალოგიური საფრთხე ემუქრება რუმინეთსაც“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.