ამერიკა მსოფლიოს ჩემპიონია
ამერიკა მსოფლიოს ჩემპიონია

კალათბურთში ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი აშშ-ის ნაკრები გახდა. გადამწყვეტ მატჩში მან ავსტრალიის ნაკრები დაამარცხა. მანამდე, ამერიკელებმა ნახევარფინალში ბელგიას მოუგეს, ავსტრალიელებმა კი მასპინძელ ესპანეთს სძლიეს.

გადამწყვეტ მატჩში ბრძოლა არ შედგა. უკვე დიდი შესვენებისთვის, ამერიკა 35:27-ს იგებდა, მესამე მეოთხედის შემდეგ კი სხვაობა 23 ქულამდე ავიდა. მეოთხე მეოთხედი ფორმალობად გადაიქცა. ბოლო 10-წუთეული ავსტრალიამ მოიგო, მაგრამ საბოლოო ანგარიში იყო – 73:56 ამერიკელთა სასარგებლოდ.

ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მეთვრამეტედ ჩატარდა და აშშ-მ მეათე ოქრო მოიგო – ეს ორით მეტია, ვიდრე მთელი მსოფლიოს მონაგარი ისტორიაში. ამ მომენტისთვის, ამერიკის ქალთა ნაკრებს მოგებული აქვს ზედიზედ სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი და ზედიზედ ექვსჯერ ოლიმპიური თამაშები.

მესამე ადგილისთვის მატჩში ესპანეთმა ბელგიას მოუგო.