ალის ვაიდელი ​- უკრაინას არ შეუძლია რუსეთთან გამარჯვება, გვჭირდება სამშვიდობო ხელშეკრულება, ომი უზარმაზარ საფრთხეს უქმნის გერმანიის ეროვნულ უსაფრთხოებას

02:16, 16.10.2026

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ალის ვაიდელი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება რაც შეიძლება მალე უნდა დაიდოს.

მისივე თქმით, კონფლიქტი გერმანიის ეროვნულ უსაფრთხოებას უზარმაზარ საფრთხეს უქმნის.

„ჩვენ გვჭირდება სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთსა და უკრაინას შორის. რაც შეიძლება მალე! უკრაინაში ომი უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და ის უნდა დასრულდეს. მოდით, შევაჩეროთ უკრაინისა და რუსეთის შვილების სიკვდილი“, – წერს ვაიდელი.

ამასთან, როგორც The Economist-თან ინტერვიუში ვაიდელმა აღნიშნა, ბერლინმა უნდა შეწყვიტოს კიევის მხარდაჭერა -„უკრაინა ძალიან პატარა ქვეყანაა, რომ თავი დაიცვას რუსული ძალებისგან“.

მისივე თქმით, ომის გაგრძელება გერმანიის ინტერესებში არ შედის.

„უკრაინას არ შეუძლია რუსეთთან გამარჯვება. ეს შეუძლებელია. ჩვენ 100 მილიარდზე მეტი დავხარჯეთ. არცერთ სხვა ქვეყანას ამდენი არ დაუხარჯავს და დიდ ვალში ვართ. ჩემთვის უპირველეს ყოვლისა ჩემი ქვეყნის ინტერესებია; უპირველეს ყოვლისა, გერმანია და ეს ომი ჩვენს ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა მან.

ვაიდელის თქმით, არ ამართლებს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ამასთან, არავინ მოუსმინა მოსკოვს, როდესაც ნატო-მ რუსეთის საზღვართან ახლოს სარაკეტო სისტმები განათავსა.

„ეს არ არის უკრაინაზე თავდასხმის გამართლება. მე ვცდილობ ვთქვა, რომ ნატო-ს რუსეთის საზღვრებთან შეჭრის ისტორია არსებობს. რუსეთმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი ამ პრობლემას. რატომ არავინ მოუსმინა რუსეთის შეშფოთებას, როდესაც საზღვრებზე სარაკეტო სისტემები განთავსდა, განსაკუთრებით რუმინეთში?“- განაცხადა მან.

ვაიდელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინასთან კონფლიქტის გაჭიანურება გერმანის „უზარმაზარ რისკს უქმნის“.

„ვფიქრობ, არასწორია უკვე წაგებული ომის დაფინანსების გახანგრძლივების გაგრძელება“, – განაცხადა მან.

მსგავსი