ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ ზელენსკის ახლო გარემოცვაში უკანონოდ მოპოვებული ხუთი მილიარდი ევროს გათეთრების სქემა განიხილებოდა, გეგმის ნაწილი იყო ევროპული ბანკის ყიდვა
ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ ზელენსკის ახლო გარემოცვაში უკანონოდ მოპოვებული ხუთი მილიარდი ევროს გათეთრების სქემა განიხილებოდა, გეგმის ნაწილი იყო ევროპული ბანკის ყიდვა

უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო გარემოცვაში ხუთი მილიარდი ევროს ოდენობით ფულის გათეთრების სქემა განიხილებოდა.

გონჩარენკოს თქმით, ეს ბრალდება ეფუძნება ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენის, მინდიჩის ბინაში გაკეთებულ ჩანაწერებს, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გაკეთდა.

„რა უნდა გააკეთო, როდესაც ბევრი ფული გაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი უკანონო და მოპარულია? სწორედ ეს საკითხი განიხილებოდა მინდიჩის ბინაში“, – აცხადებს გონჩარენკო.

ალექსეი გონჩარენკოს განმარტებით, ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდს ჰქონდა ხუთი მილიარდი ევროს ოდენობით შავი ფული კრიპტოვალუტაში, რაც ძალიან ბევრია იმისთვის, რომ ჩვეულებრივი გზით დაემალათ. გეგმაში იყო ევროპული ბანკის ყიდვა. პირველი არჩევანი იყო საფრანგეთი და იგეგმებოდა მთელი თანხის გათეთრება „სუფთა“ ტრანზაქციების მეშვეობით. როგორც გონჩარენკო ამბობს, ბანკის მყიდველის როლი უკრაინელი პოლიტიკოსის, როსტისლავ შურმას ძმას უნდა მოერგო.

უკრაინელი დეპუტატის ინფორმაციით, საფრანგეთის რეგულატორებმა შურმას ძმისთვის კითხვების დასმა დაიწყეს, ხოლო შურმას სახლში უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ერთობლივი ჩხრეკა ჩაატარეს, სადაც ერთ-ერთი ძირითადი კითხვა სწორედ ბანკის ყიდვის სქემას ეხებოდა.

უკრაინელი დეპუტატი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ერთი ამბავია მსგავსი მრავალი სხვა ქმედებიდან.