ალექსანდრე იაშვილი - სანიოლი გერმანული საფეხბურთო მენტალიტეტის დასანერგად ჩამოვიყვანეთ #1TVSPORT
ალექსანდრე იაშვილი - სანიოლი გერმანული საფეხბურთო მენტალიტეტის დასანერგად ჩამოვიყვანეთ #1TVSPORT

გერმანულ გამოცემა „სპორტბილდთან“ ინტერვიუში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა.

ბუნდესლიგის ყოფილი ვარსკვლავი და „ფრაიბურგის“ გმირი – ასე წარადგინა „სპორტბილმა“ ალექსანდრე იაშვილი, რომელიც ინტერვიუში განმარტავს, თუ რას ელოდება „ბაიერნის“ ყოფილი ვარსკვლავისგან და რომელ ქართველ ტალანტს აქვს უნარი, რომ სუპერვარსკვლავი გახდეს. 

„ვილი სანიოლი ეროვნული ნაკრების მწვრთნელობაზე სწრაფად დავითანხმეთ. რამდენჯერმე ვისაუბრეთ, მაგრამ პირველი შეხვედრის შემდეგ დარწმუნდი, რომ ჩვენ სწორედ ის გვჭირდებოდა, რადგან ვილის ნამდვილი მწვრთნელის და პროფესიონალის მენტალიტეტი აქვს. მას სურს ყველა თამაში მოიგოს და მეტოქეების არ ეშინია. მისი თავდაჯერებულობა და სიმშვიდე, წარუმატებლობის შემდეგაც კი, გუნდს თავდაჯერებულობას მატებს და აძლიერებს. ის საქართველოში სამაგალითო ბავარიული საფეხბურთო მენტალიტეტის დასანერგად ჩამოვიყვანეთ – ეს იყო ჩვენი იდეა. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი დარწმუნდნენ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეიძლება. ისინი ყველა მეტოქესთან მოედანზე ამ დამოკიდებულებით უნდა გავიდნენ“, – ამბობს ალექსანდრე იაშვილი.

„ფრაიბურგის“ ყოფილმა ფორვარდმა კომენტარი გააკეთა კითხვაზე, ქართველები ბუნდესლიგაში რატომ აღარ თამაშობენ:

„ამის გამო ძალიან ვწუხვარ. ტოპ-ლიგებში მეტი ქართველი რომ გვყავდეს, ეს ჩვენი ნაკრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მაგალითად, თუ კვარაცხელია ბუნდესლიგაში წავა, ის სხვებსაც კარს გაუხსნიდა. როდესაც გერმანიაში ვთამაშობდი, ქართველი ფეხბურთელებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი მენტალიტეტი იყო. ახალი თაობა უფრო მოწესრიგებული და მორალურად უფრო ძლიერია – უბრალოდ უკეთესია, ვიდრე მაშინ ვიყავით. უმჯობესი იქნება, თუ რამდენიმე „შვილი“ მალე ისევ ითამაშებს „ფრაიბურგში“, როგორც ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი და მე 20 წლის წინ“, – ამბობს იაშვილი.

მან არ დამალა, რომ „ფრაიბურგში“ 10-წლიანი გამოსვლის დროს ბუნდესლიგის სხვა გუნდებიდან მიმზიდველი შეთავაზებები ჰქონდა:

„დიახ, ბევრი შემოთავაზება მივიღე, თუნდაც წამყვანი კლუბებიდან, მაგრამ მათ არ დავაკონკრეტებ. ჩემი მაშინდელი მწვრთნელი ფოლკერ ფინკე ყოველთვის ახერხებდა დარწმუნებას, რომ დავრჩენილიყავი. რამდენჯერმე გამეორდა ერთი და იგივე – მის კაბინეტში შევედი და ვუთხარი, უნდა წავიდე. მოკლე საუბრის შემდეგ, ოთახიდან გამოსულმა გუნდთან ახალი ხელშეკრულება გავაფორმე. დღეს ვფიქრობ – გადასვლა კარგი იქნებოდა, რადგან სხვა გუნდში მეტს მივაღწევდი“.