ალეკო ელისაშვილი - ყველა შემოვა პარლამენტში, ოღონდ ახლა „ნაციონალები“ არიან გაჭედილი, ასე ქნან - ზიანდებიან, ისე ქნან - ზიანდებიან
ზუსტად ვიცი, რომ ყველა შემოვა, ოღონდ ახლა „ნაციონალები“ გაჭედილი არიან და რა ქნან, არ იციან, ასე ქნან – ზიანდებიან, ისე ქნან – ზიანდებიან და ახლა წვალებაში არიან, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციონერები მათ ლანძღავდნენ და თან ერთი სული ჰქონდათ, შევარდნილიყვნენ პარლამენტში.
„რეალურად, ამდენ ხანს ყველას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ჩვენი ლანძღვით კი არ უნდა ყოფილიყვნენ ამ თვეების განმავლობაში დაკავებულები. თან გვლანძღავდნენ და თან ერთი სული ჰქონდათ, შემოვარდნილიყვნენ პარლამენტში. კარგია, შემოვიდნენ, წყენებით ლაპარაკს არ ვაპირებთ, რადგანაც ვიცოდით, რასაც ვაკეთებდით. პარლამენტმა სრულფასოვნად უნდა დაიწყოს მუშაობა და ხალხზე ვიფიქროთ. თუ არა და იმ ზღაპრების მოსმენა მოგვიწევს, რაც ახლა მორიგ ჯერზე მთავრობამ წარმოადგინა, რომ ისე გვაქს ქამრები შემოჭერილი ამ ახალ პროგრამაში, გაწყვეტილი ვართ წელშიო. თუ არ გვინდა, ეს ზღაპრები ვისმინოთ, მაშინ ყველა უნდა შემოვიდეს და პარლამენტი უნდა იყოს ის სივრცე, სადაც ხალხის პრობლემებზე ვილაპარაკებთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, შეკითხვაზე, პარლამენტის მუშაობა გამოცოცხლდება თუ არა ოპოზიციის შესვლით, ელისაშვილმა განაცხადა: „არც მანამდე მეძინა სხდომაზე, სიმართლე რომ გითხრათ. რა თქმა უნდა, უფრო მეტი ვნებთაღელვა იქნება. პარლამენტია ადგილი, სადაც ხალხზე უნდა ლაპარაკობდნენ“.
ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში მისვლას დღეს გეგმავენ.