ლაშა ტალახაძის ოქრო და მსოფლიო რეკორდი, თურმანიძის ვერცხლი​ ევროპის ჩემპიონატზე - ქართველი ძალოსნების ტრიუმფი ატაცში [ფოტო/ვიდეო]

ამ წუთებში ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი სრულდება. მედლების ბოლო კომპლექტი ტრადიციულად მამაკაცთა მძიმე წონით კატეგორიაში (+109 კგ.) თამაშდება, სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი მოძრაობა ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ეს დისციპლინა, საბოლოოდ ოქროს მედლით და მსოფლიოს რეკორდის დამყარებით დაასრულა.

ყველა არსებული ტიტულის მფლობელ საჩხერელ გოლიათს, იმის გამო, რომ მისი საწყისი წონა – 208 კილოგრამი დანარჩენებისთვის მიუწვდომელი იყო, სამი ცდა ზედიზედ უწევდა, მაგრამ საქმე მეორე ცდაზე მოილია. 208 კილოგრამის შემდეგ, მან თავისივე დამყარებულ მსოფლიოს რეკორდს შეუტია და დაძლეული 218 კილოგრამით ახალი რეკორდიც დააფიქსირა. ამ შედეგით ლაშამ, რა თქმა უნდა, პირველი მოძრაობის ოქროს მედალიც გაინაღდა და მესმე ცდა აღარ გამოუყენებია.

ამავე წონაში ვერცხლი ირაკლი თურმანიძემ აიღო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ატაცი 195 კილოგრამით წარმატებით დაიწყო. მეორე მისვლაზე ევროპის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორმა 201 კილოგრამი დაიმორჩილა, მესამეზე კი წონა კიდევ ხუთი კილოგრამით დაამძიმა, 206-ზე მივიდა და ატაცში ვერცხლის მედალიც გაიფორმა.

სამწვრთნელო შტაბმა მეორე დისციპლინის – აკვრის დასაწყებად ტალახაძისთვის 245 თურმანიძისთვის კი 230 კილოგრამი შეუკვეთა. ამ დისციპლინის და ორჭიდის რეკორდიც ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის და ისინი შესაბამისად 257 და 474 კილოგრამია. აკვრა რამდენიმე წუთში დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს პირველ არხზეა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროპირველობაზე უკვე 11 მედალი აქვს. მძიმეწონოსნებამდე ატაცში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო ანტონ პლესნოიმ (96 კგ.) მოიპოვა. სამი მედალი რევაზ დავითაძემ (89. კგ) აიღო, რომელმაც ატაცში ოქრო, აკვრასა და ორჭიდში კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. აკვრაში ოქროს მედალი შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო. სამი მედალი კი ძმების ირაკლის და გოგა ჩხეიძეების ანგარიშზეა. პირველმა მათგანმა დღეს დილით 102 კილოგრამი წონითი კატეგორიის ატაცის ბრინჯაო აიღო, უფროს ძმას კი (67 კგ.) აკვრაში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო ერგო.

დატოვე კომენტარი