ახალგაზრდა ქართველი ტალანტის მორიგი აღიარება - გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეა [ვიდეო]

„ადრიატიკის ლიგამ“ გოგა ბითაძე აღიარა – „ბუდუჩნოსტის“ ქართველი ცენტრი სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დასახელდა. ხმის მიცემის პროცესში „ადრიატიკის ლიგაში“ მოთამაშე გუნდების მწვრთნელები და გულშემატკივრები მონაწილეობდნენ.

გოგამ ბორიშა სიმანიჩს („ცრვენა ზვეზდა“) და ლუკა შამანიჩს („ოლიმპია“) აჯობა. ქართველმა სპორტსმენმა საერთო ხმების 42% მიიღო. სიმანიჩმა ხმების 24% მიიღო, შამანიჩმა – 15.5%.

გამოკითხვაში მწვრთნელების ხმას 60% ძალა ჰქონდა, ფანებისას – 30%, ხოლო ლიგის კომისარს – 10%.

19 წლის ბითაძე ადრიატიკის ლიგაში 16.3 ქულას, 6.4 მოხსნას და 2.0 ბლოკს აკეთებს. შეგახსენებთ, რომ შარშან ეს პრიზი ძანან მუსამ მიიღო, რომელიც დღეს „ბრუკლინ ნეტსში“ ირიცხება.