ადვოკატი - გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე სასამართლომ დაადასტურა, რომ ყოველგვარი ჭორაობა აღმოჩნდა სიცრუე
ადვოკატი - გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე სასამართლომ დაადასტურა, რომ ყოველგვარი ჭორაობა აღმოჩნდა სიცრუე

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატი გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ გიორგანაშვილის მიმართ მტკიცებულებები არ იყო და მის გამართლებას ელოდებოდნენ. მისი თქმით, სასამართლომ დაადასტურა, რომ ყოველგვარი ჭორაობა აღმოჩნდა სიცრუე.

„ამ გადაწყვეტილებას ველოდით. გიორგი გიორგანაშვილის მიმართ არ იყო მყარი მტკიცებულებები. მტკიცებულებები არც წინა საქმეზე იყო და თავისუფლების აღკვეთა არ უნდა ჰქონდეს მისჯილი. სასამართლომ დაადასტურა, რომ ყოველგვარი ჭორაობა აღმოჩნდა სიცრუე. გახარებული ვართ, რომ სასამართლოში არიან მოსამართლეები, რომლებიც გავლენის ქვეშ არ ექცევიან და შინაგანი რწმენით იღებენ გადაწყვეტილებას. ველოდები ვანო ზარდიაშვილის განმარტებას ამის მერე, როდესაც გიორგანაშვილს ნარკოტიკების შემოტანაში სდებდა ბრალს“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.

საქმის პროკურორი ირინე ჩოჩია აცხადებს, რომ სასამართლოს არ ჰქონდა შესაბამისი არგუმენტაცია.

„ჩვენი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. ველოდებით, რატომ არ გაიზიარა გიორგანაშვილის მიმართ წარმოდგენილი მტკიცებულებები. მხოლოდ ერთი პირის ჩვენება არ იყო საქმეში“, – განაცხადა ირინე ჩოჩიამ.

დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის საქმეზე გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით, გიორგი გიორგანაშვილი ცნობილია უდანაშაულოდ და გამართლდა, ირაკლი ქორიძე კი დამნაშავედ არის ცნობილი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. მსახიობ გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანა. მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სისხლის სამართლის სხვა საქმეზე, სადაც მას ნარკოტიკული საშუალებების შეძენაზე რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. შესაბამისად, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, ის საპატიმროს არ დატოვებს.