ადამ კინზინგერი სპეციალური კომიტეტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმს გამოიძიებს
ადამ კინზინგერი სპეციალური კომიტეტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმს გამოიძიებს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სპეციალურ კომიტეტში შეიყვანა, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმს გამოიძიებს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ილინოისის შტატის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა განაცხადა, რომ სიმართლის დასადგენად და დამნაშავეების დასასჯელად გულმოდგინედ იმუშავებს.

გამოძიება, რომელიც 27 ივლისს უნდა დაიწყოს, პოლიციის ოფიცრებს მოუსმენს და მოწმეების გამოძახების, ასევე დოკუმენტების მოთხოვნის უფლება ექნება.

ნენსი პელოსის განცხადებით, გამოძიების მიზანი სიმართლის დადგენა და იმის უზრუნველყოფაა, რომ მსგავსი თავდასხმა აღარასდროს გამეორდეს.

მას შემდეგ, რაც ნენსი პელოსიმ ორი რესპუბლიკელი, ჯიმ ჯორდანი და ჯიმ ბენქსი კომიტეტში არ შეიყვანა, რესპუბლიკელების ხელმძღვანელობამ გამოძიებას ბოიკოტი გამოუცხადა. პელოსი ამბობს, ადამ კინზინგერი გამოძიებას „უდიდეს პატრიოტიზმს“ შესძენს. კინზინგერი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკით არის ცნობილი. ადამ კინზინგერმა ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.