ადა მარშანია - ვიმედოვნებ, NTV Plus-ის ქართულ მედიაბაზარზე შემოსვლა რუსეთზე ჩვენს წარმოდგენებს გაამდიდრებს
ადა მარშანია - ვიმედოვნებ, NTV Plus-ის ქართულ მედიაბაზარზე შემოსვლა რუსეთზე ჩვენს წარმოდგენებს გაამდიდრებს

ვიმედოვნებ, რომ NTV Plus-ის ქართულ მედიაბაზარზე შემოსვლა რუსეთზე ჩვენს წარმოდგენებს გაამდიდრებს, – ეს განცხადება პირველ არხთან „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ გააკეთა.

მარშანიას განმარტებით, რუსული არხი საქართველოსთვის საფრთხის შემცველი იქნება თუ არა ეს, NTV Plus-ის სარედაქციო პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული.

„თუ მოსახლეობას არხი ძალიან არაობიექტურ, დამახინჯებულ და ტენდენციურ ინფორმაციას აწვდის, ნებისმიერი არხი საშიშია, გნებავთ „ენ-ტე-ვე პლიუსი“ იყოს და გნებავთ „დოიჩე ველე“. აქედან გამომდინარე, გააჩნია, მას რა საინფორმაციო პოლიტიკა ექნება. მე ვიმედოვნებ, რომ ეს მიმდინარე პროცესებზე და რუსეთზე ჩვენს წარმოდგენებს გაამდიდრებს. ასე ვუყურებ მე NTV Plus-ის შემოსვლას. საფრთხე ბევრ რამეში შეიძლება იყოს, არა მხოლოდ რუსეთიდან მომდინარე. საფრთხეს ბევრი ფორმა და სახე აქვს. მთავარია, რომ ჩვენ ამა თუ იმ არხის მოღვაწეობა და მოქმედება საღი გონებით და ჯანსაღი პოზიციებიდან შევაფასოთ“, – აღნიშნა ადა მარშანიამ.

შეგახსენებთ, ქართულ ბაზარზე მედიაჰოლდინგი „გაზპრომ მედია“ შემოდის, რომელიც საქმიანობას ბრენდით NTV-Plus გეგმავს. ამის შესახებ კომპანიამ ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა.

მოგვიანებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  NTV Plus-ს წერილით მიმართა, კომისიაში წარდგენილ დეკლარაციას საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი დაურთოს. დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, NTV Plus-ს ავტორიზაცია შეუჩერდება.