კევინ დურანტის აზრით, კლეი ტომპსონი სეზონის საუკეთესო დამცველთა სიაში მოხვედრას იმსახურებს
კევინ დურანტის აზრით, კლეი ტომპსონი სეზონის საუკეთესო დამცველთა სიაში მოხვედრას იმსახურებს

„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ მსროლელი კლეი ტომპსონი ეროვნულ საკალათურთო ასოციაციაში (NBA) გატარებული შვიდი სეზონის მანძილზე საუკეთესო დამცველთა შორის ჯერჯერობით არ დასახელებულა.

კლეის თანაგუნდელები თვლიან, რომ მისი დაცვითი თამაში ლიგაში დაუფასებელია.

„მისი დაცვითი შრომა სათანადოდ არ ფასდება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენს დაცვით ტაქტიკაში კლეი ერთერთ მთავარ როლს ასრულებს“, – განაცხადა დრეიმონდ გრინმა „ბეი არეა ნიუს გრუპთან“ (The Bay Area News Group) ინტერვიუს მიცემის დროს. „სან ანტონიოსთან“ ტეხასში წაგებული მატჩის შემდეგ „ვორიორზის“ ერთ=ერთმა ლიდერმა კევინ დურანტმა განაცხადა, რომ ტომპსონი მიმდინარე სეზონზე ლიგის გამორჩეული დამცველია და აუცილებლად იმსახურებს საუკეთესოთა შორის დასახელებას.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო დამცველთა გუნდი სეზონის დასრულების შემდეგ სახელდება და მას 123 ჟურნალისტი ასახელებს. 2014 წლამდე ხმის მიცემის პროცესში მწვრთნელებიც მონაწილეობდნენ, თუმცა ლიგის ხელმძღვანელობამ წესები შეცვალა.