6 ივნისს პრემიერლიგაში, შეიძლება, VAR-ი გააუქმონ #1TVSPORT
6 ივნისს პრემიერლიგაში, შეიძლება, VAR-ი გააუქმონ #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგამ მიიღო წერილი „ვულვერჰემპტონისგან“ წინადადებით – გაუქმდეს ინგლისის ჩემპიონატში VAR-ის სისტემა. ამის შესახებ წერს გამოცემა The Athletic-ი.

„მგლებმა“ შეადგინეს ოფიციალური რეზოლუცია, რათა 6 ივნისს საერთო სხდომაზე დაინიცირდეს კენჭისყრა 2024-25 წლების სეზონიდან VAR-ის გაუქმებაზე.

VAR-ის სისტემა პრემიერლიგაში შემოიღეს 2019-20 წლების სეზონიდან და ეს იყო კეთილსინდისიერად მიღებული გადაწყვეტილება ფეხბურთისა და პრემიერლიგის ინტერესებში.

მაგრამ, როგორც „ვულვერჰემპტონი აღნიშნავს, ამან გამოიწვია მრავალრიცხოვანი უნებლიე ნეგატიური შედეგები, რომლებიც არღვევს ურთიერთობას გულშემატკივრებსა და ფეხბურთს შორის და აზარალებს პრემიერლიგის ბრენდის ღირებულებას.

„არ არის არანაირი ბრალდება ჩვენი მხრიდან, უბრალოდ, ვეძებთ ყველაზე კარგ შესაძლო გამოსავალს ფეხბურთისთვის. ყველა დაინტერესებული მხარე მონდომებით მუშაობდა იმისთვის, რომ დამატებითი ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებული ყოფილიყო.

მაგრამ VAR-თან ერთად პრემიერლიგაში ჩატარებული ხუთი სეზონის შემდეგ დადგა კონსტრუქციული და კრიტიკული დებატების დრო ამ სისტემის მომავალთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ფასი, რომელსაც ვიხდით სიზუსტის ამაღლებაში, ეწინააღმდეგებს ჩვენი თამაშის არსს. შესაბამისად, უნდა გავაუქმოთ VAR-ის სისტემა 2024-25 წლების სეზონიდან“, – წერია „ვულვერჰემპტონის“ განცხადებაში.

კლუბმა ჩამოთვალა მთავარი მიზეზები, რატომ უნდა გაუქმდეს ვიდეოგამეორებების სისტემა პრემიერლიგაში:

* გავლენა გოლის აღნიშვნასა და სპონტანურ რეაქციაზე, რაც ფეხბურთს განსაკუთრებულს ხდის.

* იმედგაცრუება და გაურკვევლობა სტადიონებზე VAR-ის ხანგრძლივი შემოწმებებისა და ცუდი კავშირის გამო.

* უფრო მტრული ატმოსფერო პროტესტებთან, პრემიერლიგის ჰიმნის დროს სტვენისას და VAR-ის წინააღმდეგ სკანდირებისას.

* VAR-ის პირველადი მიზნის გადამეტება – აშკარა და ცხადი შეცდომების გასწორება, სუბიექტური გადაწყვეტილებების გადამეტებული ანალიზი და თამაშის მთლიანობის დარღვევა.

* მინდორზე ოფიციალური პირების პასუხისმგებლობის შემცირება VAR-ის სისტემის გამო.

* შეცდომები, რომლებიც გრძელდება მიუხედავად VAR-ისა, როცა გულშემატკივრებს არ შეუძლიათ მიიღონ ადამიანური შეცდომები რამდენიმე შემოწმებისა და გამეორების შემდეგ, რაც აზარალებს ნდობას სამსაჯო სტანდარტებისადმი.

* პრემიერლიგის სწრაფი სათამაშო ტემპის დარღვევა VAR-ის ხანგრძლივი შემოწმებებისა და დამატებული დროის გამო, რა მიზეზითაც მატჩები ძალიან დიდხანს გრძელდება.

* მუდმივი დისკუსიები VAR-ის გადაწყვეტილებებზე დაღს ასვამს თავად მატჩს და აზიანებს ლიგის რეპუტაციას.

* ნდობისა და რეპუტაციის ზარალი, როცა VAR-ი იწვევს აბსოლუტურად უაზრო ბრალდებებს კორუფციაში.

თავის პასუხში პრემიერლიგამ აღნიშნა, რომ კლუბებთან ერთად აუცილებლად განიხილავს ამ თემას.

„კლუბებს აქვთ უფლება, წამოაყენონ წინადადებები აქციონერთა სხდომებზე. ჩვენ ვაღიარებთ შეშფოთებასა და პრობლემებს, რომლებიც უკავშირდება VAR-ის გამოყენებას. მაგრამ, ამასთან, ლიგა სრულად უჭერს მხარს VAR-ის გამოყენებას და მუშაობს მის დახვეწაზე“, – წერია პასუხში.

აღსანიშნავია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა პრემიერლიგის 20 კლუბიდან 14-მა დაუჭიროს მხარი VAR-ის სისტემის გაუქმებას.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შვედეთის უმაღლესმა ლიგამ ოფიციალურად თქვა უარი VAR-ის სისტემის დანერგვაზე. წინააღმდეგი წავიდა ლიგის 16-ვე გუნდი, ასევე ორი კლუბი მეორე დივიზიონიდან.